ჭიდაობა

23:12 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამი მედალი ოთხ წონაში

 მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ოთხი წევრი გავიდა ხალიჩაზე და სამმა მათგანმა მედალი მოიპოვა.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი შავაძე ჩემპიონატში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ რამიზ მამადოვს სუფთად მოუგო. შემდეგ თურქ კარადასლი იასინს ორ პერიოდში სძლია (6:0 6:4). ფინალში კი უკრაინელ ევგენი უდინსკისთან 7 ქულა დაკარგა, ისე, რომ თავად ერთიც ვერ აიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ხვიჩა ჩიტავამ (60 კგ), ლაშა გობაძემ (74 კგ) და კუკური კირცხალიამაც (96 კგ) მშვენივრად დაიწყეს. ოქრო-ვერცხლის შანსი კი სამივემ ნახევარფინალში დაკარგა.

გობაძემ ჩემპიონატი სლოვაკი კრიშტიან სიმონის იოლად ძლევით გახსნა – პირველსავე პერიოდში 10 ქულა აუღო. ბელარუს ალეკსანდრ გენუვეინას თანაბარ ბრძოლაში მოუგო (0:0 3:1). საჩემპიონო გზა რუსეთის ნაკრების წევრმა ადლან აკიევმა გადაუკეტა (0:7). “ბრინჯაოს ფინალში” კი აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ბაგმანოვს ადვილად აჯობა (8:0).

კირცხალია დამამშვიდებელ ეტაპზე უნგრელ ზოლტ ტოროკთან წაგების (4:8 3:3) შემდეგ გადაერთო. იქამდე ორი შეხვედრა ისე მოიგო, ქულაც არ დაუკარგავს – რუმინელ კონსტანტინ ჰუტულეაკს 7 ქულა პირველსავე პერიოდში აუგროვა, ხოლო ბერძენ დიმიტრიოს ცეკერიდისს ორ პერიოდში (1:0 6:0). კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა კი ავსტრიელი დანიელ გასტლის ძლევით (5:0 0:0) გაინაღდა.

ჩიტავამ ძირითად ბადეში სერბ ტამას ნაგის (7:0) და რუმინელ მიჰაი რადუ მიჰუტს (7:3 3:0) მოუგო და აზერბაიჯანელ ელმარ მუხტაროვთან (0:2 1:2) დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი გერმანელ დენიზ მენსკესთან ვეღარას გახდა (0:2 0:1) და ევროპირველობა მე-5 ადგილით დაასრულა.

3 ივლისს მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორები ედნარ შავაძე (55 კგ) და ფირუზ წულუკიძე (66 კგ), ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი და უფროსებში საქართველოს ჩემპიონი რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ) და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი იაკობ ქაჯაია (120 კგ).

0.116113