იაპონიის ქალაქ საიტამაში სტარტი აიღო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც ამჯერად ელენე გედევანიშვილის გარეშე ჩაივლის. ბოლოდროინდელი შედეგების გამო, ქართველი გოგონა ქალთა პროგრამის მონაწილე 33 საუკეთესო სპორტსმენს შორის ვერ მოხვდა.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს პირველობაზე ქართველებს მაინც ვიხილავთ. საუბარია ყინულზე მოცეკვავეთა შეჯიბრზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა დაიცავენ.
აღნიშნულ დისციპლინაში მოკლე პროგრამა 28 მარტს ჩატარდება და ქართული წყვილზ ყინულზე 33 მონაწილეს შორის მე-6 ნომრად ვიხილავთ გავა. ფინალში გასასვლელად მოწინავე 24-ეულში ადგილის დამკვიდრებაა საჭირო.
ცნობისთვის, უკვე დასრულდა შეჯიბრი წყვილებში, სადაც ოქროს მედლები გერმანელებს – ალიონა სავჩენკოს და რობინ შოლკოვის ერგოთ. მათ ჯამში 224.88 ქულა მოაგროვეს და უახლოეს მდევრებს – კსენია სტოლბოვა/ფიოდორ კლიმოვი (რუსეთი, 215.92 ქულა) და მეგან დუამელი/ერიკ რედფორდი (კანადა, 210.84 ქულა) – დამაჯერებლად აჯობეს.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატიც ჩატარდა, სადაც საქართველოს ღირსებას არმენ აღაიანი იცავდა.
მან ვაჟთა მოკლე პროგრამაში 46.22 ქულა მოაგროვა და შვიდ მეტოქეს აჯობა, თუმცა, 38 მონაწილეს შორის მხოლოდ 31-ე ადგილი დაიკავა და ცხადია, თავისუფალი პროგრამის მიღმა დარჩა.