ფეხბურთი

13:09 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

საიდან სად!

პაულინიოს კიბე - "როგორ მოხვდი მანდ?"


 დააკვირდით ფოტოს, სადაც მწვანე და შინდისფერფორმიანი ფეხბურთელები არიან. ლიტვის ჩემპიონატშია გადაღებული, 6 წლის წინ: "კაუნასი", რომელსაც ქვეყანაში კონკურენტი არ ჰყავდა, ლიტვური მასშტაბით საშუალო დონის "ვილნიუსს" ეთამაშება.

კაუნასელთა ქართველი მცველი ნუკრი მანჩხავა "ვილნიუსის" 14 ნომრისკენ იწევს და აკაკი ხუბუტია აჩერებს. ხუბუტია იმ დროს "კაუნასიდან" იყო "ვილნიუსში" განათხოვრებული.

ეს 14 ნომერი დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და "კორინთიანსის" უდავო ლიდერი გახლავთ. იმ "კორინთიანსის", რომელიც დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახდა და ფინალში ლონდონის "ჩელსი" დაამარცხა. საუბარია პაულინიოზე... 24 წლის საყრდენ ნახევარმცველზე, რომლის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს და სავარაუდოდ, "ტოტენჰემში" გააგრძელებს კარიერას.

პაულინიოს ნაკრების 16 მატჩში 5 გოლი გაუტანია, რაც შესაშური შედეგია საყრდენისთვის. თან, რა მნიშვნელობის გოლები და რა დონის გუნდებთან: არგენტინასთან, იაპონიასთან (ამხანაგურში), ინგლისთან, ისევ იაპონიასთან (კონფედერაციის თასის ჯგუფში) და გუშინ ურუგვაისთან ნახევარფინალში. პაულინიოს მიერ 86-ე წუთზე გატანილმა თავურმა "სელესაო" ფინალში გაიყვანა, ოსკარ ტაბარესის "სელესტე" კი ძალიან დაამწუხრა.  

წარმოიდგინეთ, ლიტვის საშუალო კლუბიდან დაიწყო და ბრაზილიის ნაკრებში მოხვდა! ზღაპარს ჰგავს. ის, რომ ფეხბურთელის კარიერა კიბეა და შესაძლოა, დაბალი საფეხურიდან სულ ზემოთ ახვიდე, თუნდაც პაულინიო ამტკიცებს. ასე რომ, ნაადრევად ნურავის ნუ გადავუსვამთ ხაზს.

"ქვევრში" გამოთქმისა არ იყოს, "როგორ მოხვდი მანდ?". ჟოზე პაულო ბეზერა მასიელ ჟუნიორი (პაულინიო) "პორტუგეზას" სექციაში მინი-ფეხბურთზე დადიოდა, 2006 წელს დაბალი დონის "პან დე ასუკარის" დუბლებში მოხვდა, თუმცა ძირითად გუნდში არ გადაიყვანეს და პირდაპირ შორეულ ლიტვაში გაანათხოვრეს. იქ წელიწადნახევარი დაჰყო და ვინ იცის, კიდევ დარჩენილიყო, რომ არა "ვილნიუსის' ფინანსური პრობლემები. პაულინიო პოლონურ "ლკს ლოძში" გადავიდა, 17 მატჩი ჩაატარა და 2008 წლის ზაფხულში დაბრუნდა სამშობლოში, ისევ "პან დე ასუკარში", რომელიც ბრაზილიის მეოთხე ლიგაში (!) გამოდიოდა.

ერთი კარგი სეზონი საკმარისი გამოდგა, რათა ბიჭი მეორელიგელ "ბრაგანტინოს" წაეყვანა და ამ კლუბშიც ისე კარგად წარმოაჩინა თავი, რომ  "კორინთიანსმა" აიყვანა. ეს 2010 წელს. მას შემდეგ, პაულინიო სან-პაულუს გრანდშია და მეტსახელიც აქვს: "ჰეროი კორინთიანო" (კორინთიანსელთა გმირი).

პროგრესი სასწაული სისწრაფით - "კორინთიანსმა" ზედიზედ მოიგო ბრაზილიის სერია A, ლიბერტადორესის თასის ფინალში "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხა, მერე კი იყო საკლუბო ჩემპიონატზე ტრიუმფი.

პაულინიო ზედიზედ ორ სეზონში მოხვდა ბრაზილიის ჩემპიონატის სიმბოლურში.

ის ფიზიკურად ძლიერია, ჩაშლაში ბრწყინვალეა და ბურთსაც მშვენივრად ფლობს. ბევრი ნახავდა მის დრიბლინგს მექსიკასთან, როცა ცენტრიდან დაიწყო გარღვევა და 5 კაცი მოატყუა.

ეს ყველაფერი ლიტვიდან დაიწყო, მანამდე კი ბრაზილიაში მას ზედაც არავინ უყურებდა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.138082