კალათბურთი

20:20 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგა 2013-14 წლების სეზონს თბილისში გახსნის

თბილისში სტუმრად იმყოფებიან საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის (სსსლ) წარმომადგენლები ელენა კუდრიავცევა და არტიომ სკორიკი, რომლებმაც “კალათბურთელთა კავშირის” პრეზიდენტ მიხეილ ახვლედიანთან, ამავე ორგანიზაციის იურისტ დავით საყვარელიძესთან, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ შოთა ბაქრაძესთან და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ, მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელ ნიკოლოზ დერიუგინთან ერთად, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიასთან შეხვედრა მოაწყვეს.

მიხეილ ახვლედიანი: “დღეს უკვე შევხვდით თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის წამომადგენლებს, რომლებიც თანახმანი არიან თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოში სტუდენტური კალათბურთის განვითარებაში.

3 თვის წინათ მოსკოვში ვიმყოფებოდი, სადაც ჩვენსა და ლიგის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. გადაწყდა, რომ საქართველოს სტუნდეტური ნაკრების სახელით მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის გათამაშებაში, რომელიც 14 ოქტომბერს თბილისში, მგუ-სა (რუსეთი) და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშით დაიწყება”.

ელენა კუდრიავცევა: “ამ სეზონში მეორე ჩემპიონატის ჩატარებას ვაპირებთ. პირველ ჩემპიონატში 6 ქვეყნის: რუსეთის, უკრაინის, ესტონეთის, ყაზახეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩვენი სპონსორია ვითიბი ბანკი. ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი სპონსორი მოვიძიოთ”.

არტიომ სკორიკი: “საქართველო მდიდარი საკალათბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაა. აქ უყვართ კალათბურთი და დიდ პატივს სცემენ. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობის დროს, თბილისის სპორტის სასახლის ტრიბუნები ბოლომდე ივსებოდა. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რომლებიც ლიგას მალე შემოუერთდებიან”.

შოთა ბაქრაძე: “2013-14 წლების სეზონში ჩატარდება ჩემპიონატი სტუდენტური გუნდების მონაწილეობით. მათი რაოდენობა დაახლოებით 10 იქნება. მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რადგან მათი ვინაობა ბოლომდე გარკვეული არაა”.

დავით საყვარელიძე: “საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ჩემპიონატი ჯგუფური სისტემით, მიმოსვლითი მატჩებით ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია კენჭისყრის შედეგი. ასევე უცნობია ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობაც. აღნიშნულ ნაკრებში სტუდენტური ჩემპიონატის წარმომადგენლებთან ერთად, შეუძლიათ უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე სტუდენტმა კალათბურთელებმაც მიიღონ მონაწილეობა”.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106567