საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ბუენოს აირესში, სოკ-ის 125-ე სესიაზე გამართულ საპრეზიდენტო კენჭისყრაში ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი გერმანელმა იურისტ ტომას ბახზე შეაჩერა.
სოკ-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ჟაკ როგის თანამოაზრე, 59 წლის ტომას ბახი ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე სახელდებოდა უმთავრეს ფავორიტად და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა – მეორე ტურში 93 შესაძლებლიდან 49 ხმა მიიღო, მაშინ, როდესაც კონკურენტები 6 ხმას ვერ ასცდნენ. სწორედ ამდენი მხარდამჭერი აღმოაჩნდა სინგაპურელ მიანგ ნგის, შვეიცარიელმა დენის ოსვალდმა 5 ხმა დააგროვა, უკრაინელმა სერგეი ბუბკამ – 4, ტაივანელი ჩინგ-კოუ ვუ კი ბრძოლას პირველი ტურიდან გამოეთიშა.
ახალგაზრდობაში ტომას ბახი მოფარიკავე იყო და 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ფედერაციის ნაკრების სახელით გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა. ამრიგად იგი სოკ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ზურგს ოლიმპიური ოქროც უმაგრებს. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ბახმა ბიზნესს მიჰყო ხელი და იქაც საკმაო წარმატებას მიაღწია. პარალელურად კი სპორტულ წრეებთან კავშირი არ გაუწყვეტია და სოკ-ის ხელმძღვანელობასთანაც მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა.
ტომას ბახის გაპრეზიდენტებამდე სოკ-ის სათავეში იდგნენ: დემეტრიოს ვიკელასი (1894-96, საბერძნეთი), პიერ დე კუბერტენი (1896-1916 და 1919-1925, საფრანგეთი), 1916-1919 წლებში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა გოდფრუა დე ბლონიე (შვეიცარია), ანრი დე ბაიე-ლატური (1925-1942, ბელგია), იოჰანეს ზიგფრიდ ედსტრიომი (1942-1952, შვედეთი), ეივერ ბრენდეჯი (1952-1972, აშშ), მაიკლ მორის კილანინი (1972-1980, ირლანდია), ხუან ანტონიო სამარანჩი (1980-2001, ესპანეთი), ჟაკ როგი (2004-იდან, ბელგია).