ფეხბურთი

13:31 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

საეჭვო მატჩების გამოძიებისა და ანალიზის ჯგუფი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს გააკონტროლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საეჭვო მატჩების გამოძიებისა და ანალიზის ჯგუფის შექმნისა, რომლის შემადგენლობაც ობიექტური მიზეზების გამო სრულად კონფიდენციალურია.

ჯგუფში შევლენ როგორც სფფ-ის შიგნით, ისე მის გარეთ მომუშავე საფეხბურთო სფეროს პროფესიონალი პირები,  რომელთა  უმთავრესი მოვალეობა  ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ყველა შეჯიბრებაზე დაკვირვება და საეჭვო მატჩების გამოვლენა იქნება.

როგორც, გენერალურ სამდივნოში განაცხადეს, ჯგუფის წევრებს დაევალებათ ეროვნული ჩემპიონატის  საეჭვო მატჩებზე ინკოგნიტოდ დასწრება და დამოუკიდებელი დასკვნის მომზადება ამა თუ იმ გუნდის, ფეხბურთელისა თუ გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირის საეჭვო საქმიანობასთან დაკავშირებით რამაც შესაძლოა მატჩის  შედეგზე  ან მსვლელობაზე მოახდინა გავლენა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რამოდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც უნდა მოხდეს საფეხბურთო მატჩების მსვლელობასა და შედეგზე ზეგავლენის მქონე პირების, კრიმინალური დანაშაულის ჩამდენი სუბიექტების გამოვლენა და დაკავება.

მნიშვნელოვანია, რომ სფფ-მ სრულად  გაითვალისწინა  უეფას გამოცდილება გარიგებულ  მატჩებთან ბრძოლის საკითხებში, რაც ჯეროვნადაა ასახული  ფედერაციის სადისციპლინო კოდექსში (მუხლი 126).  უნდა აღინიშნოს, რომ  საეჭვო  მატჩების გამოძიებისა და ანალიზის ჯგუფი  სწორედ მოქმედი სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად იხელმძღვანელებს.

 

სფფ-ის პრესსამსახური 

0.135034