ფეხბურთი

23:01 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საბანაძე – ფანცხავა 2:2

 დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლა. რამდენიმედღიანი წვიმების მიუხედავად, “ცენტრალურზე” მინდორი კარგ სათამაშო მდგომარეობაში იყო.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და დებიუტშივე რამდენჯერმე  შორიდან შეამოწმეს “სპარტაკის” კარის დარაჯის საიმედოობა. საერთოდ ამ პაექრობაში ქუთათურები ხშირად მიმართავდნენ შორეულ დარტყმებს. მე-9 წუთზე საბანაძემ დაარტყა დაახლოებით 30 მეტრიდან ძალიან ძლიერად, მაგრამ ბურთის მოგერიება ნანიევმა მოახერხა. დამატებისას ფანცულაია ცდილობდა ბურთზე დასწრებას, მაგრამ არ გამოუვიდა.

“სპარტაკის” გამოცდილმა დამრიგებელმა ვლადიმერ ხაჩიძემ ფავორიტ მეტოქესთან კონტრშეტევებზე თამაში აირჩია. უნდა ითქვას, რომ შიდაქართლელებს ეს მშვენივრად გამოდიოდათ. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა ჩაფიძისა და თუხარელის მეცადინეობით შექმნეს, რომელიც ამ თუხარელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მალე იგივე თუხარელი პირისპირ დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ უხეიროდ გაისარჯა და ხიფათიც განიმუხტა.

მე-17 წუთზე სტუმრებს ისევ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, როდესაც მეტრეველი აღმოჩნდა ქვილითაიასთან პირისპირ. ფორვარდს სივრცე ჰქონდა და შეეძლო უკეთ ეთამაშა, ვიდრე გააკეთა. მან ვერ შეძლო გატანა და ამაში ხელი მეკარემ შეუშალა.

ცხინვალელთა შემდეგი შეტევა კი გოლით დასრულდა. ვარლამ კილასონიას ფლანგური გადაცემის შემდეგ ფანცხავამ დაარტყა ახლო მანძილიდან და ქვილითაიას იმ კუთხეში გაუტანა, სადაც თავად კიპერი იდგა – 0:1. ეს გოლი დიდწილად ქუთაისელთა მცველების სინდისზეა, რომლებსაც ცხინვალელთა ფორვარდი აშკარად გამოეპარათ.

ანგარიშში ჩამორჩენისთანავე რიონისპირელებმა მეტოქისთვის შტურმის მოწყობა სცადეს. ჯერ მზევაშვილი დაემუქრა “სპარტაკის” კიპერს, ხოლო შემდეგ საბანაძე. ორივე შემთხვევაში მეკარემ შეძლო სიტუაციების განმუხტვა.

პირველ ტაიმში ყველაზე ახლოს გათანაბრებასთან ქუთათურები 30-ე წუთზე იყვნენ, როდესაც საბანაძე-ფანცულაიას კომბინაცია ნიკას დარტყმით დასრულდა. ნანიევმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ თავურით შიდაქართლელთა კარს ცინცაძე დაემუქრა. ამ შემთხვევაში სტუმართა კარის დარაჯმა მართლაც საოცარი თავდადება გამოავლინა და საკუთარი კარი აშკარა გოლისაგან იხსნა. კიპერისაგან ბურთის გამოვარდნას ფანცულაიას მხრიდან გატანის მცდელობა მოჰყვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ამის შემდეგ რეალური მომენტი სტუმრებსაც ჰქონდათ, როდესაც ჩაფიძე ურტყამდა “ტორპედოს” კარის მიმართულებით და ქვილითაია კარს ვეღარ იხსნიდა რომ არა საკუთარ მცველთა დახმარება, რომლებმაც ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი, თორემ ქუთათურები ორბურთიანი ჩამორჩენით შეხვდებოდნენ მატჩის მეორე ნახევარს.

შესვენების შემდეგ სარაგოსამ ორმაგ ცვლილებას მიმართა. ესპანელმა ჭანტურიასა და სულთანიშვილის ნაცვლად, მოედანზე სანდოხაძე და კუხიანიძე შეუშვა.

მეორე ნახევარი საბანაძის სუპერგოლით დაიწყო. ნიკამ ბურთი კუხიანიძისაგან მიიღო და დაახლოებით 28 მეტრიდან უძლიერესად დაჰკრა. ბურთმა ლამაზი ტრაექტორია მოხაზა, ცხინვალელთა კარის ხარიხას შეეხო და “სპარტაკის” კარში გავიდა. ლამაზმა გოლმა სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი პუბლიკა გამოაცოცხლა და იმედები ჩაუსახა – 1:1.

გათანაბრებიდან დიდი დრო არ გასულა, როცა ისევ საბანაძე ცდილობდა შორეული დარტყმით გატანას, მაგრამ ნანიევმა ნახტომში გაჭირვებით შეძლო ბურთის მოგერიება.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, “ტორპედო” ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა. 52-ე წუთზე ცხინვალელთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან თუხარელის ჩაწოდებით დასრულდა. გამოსვლაზე აშკარად შეცდა ქვილითაია, რითაც ისარგებლა ფანცხავამ და ვარდნაში მეორედ აიღო ტორპედოელთა კარი – 1:2.

თითქმის მაშინვე, საპასუხოდ კუხიანიძემ დაარტყა შორიდან ძლიერად და ბურთი ერთერთ ცხინვალელს შეეხო. მიუხედავად ამისა, კარისკენ ძლიერად მიმქროლავი ბურთის მოგერიება ნანიევმა ეფექტურ ნახტომში მაინც მოახერხა.

ამის შემდეგ თამაში შედარებით დაწყნარდა და თუ არ ჩავთვლით ხიფათის შექმნის რამდენიმე მცდელობას, არცერთი გუნდის კართან საინტერესო არაფერი მომხდარა.

75-ე წუთზე “ტორპედომ” გათანაბრება მაინც მოახერხა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან უბილავას ჩაწოდებულ ბურთზე ყველაზე მაღლა საბანაძე ახტა, რომელმაც “სპარტაკის” მცველებს აჯობა და თავურით ეფექტური, გამაყაიმებელი  გოლი გაიტანა – 2:2.

ხუთ წუთში ცხინვალელებმა კინაღამ მესამე გოლი მიიღეს საუთარ კარში. შეტევის მარჯვენა ფლანგზე დიდებულად გაისარჯა გოროზია, რომელმაც იოლად გააცურა ხიზანეიშვილი, ჩააწოდა და ბურთი კილასონიას შეეხო. ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა. ამ შემთხვევაში აღმოსავლელთა კარის დარაჯი უძლური იყო, თუმცა იღბალმა ქუთაისელთა მოწინააღმდეგეებს მოწყალე თვალით გადახედა.

სამაგიეროდ, ქუთათურებს გაუმართლათ მატჩის მიწურულს, როდესაც ცხინვალელთა სწრაფი კონტრშეტევა ჩაფიძის მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ დარჩენით და დარტყმით დასრულდა. ქვილითაიამ ბურთი ფეხით მოიგერია და ამჯერად კილასონიას მიეცა საკუთარი გუნდის დაწინაურების ჩინებული საშუალება, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა 15 მეტრიდან ვერ შეძლო ფაქტობრივად ცარიელ კარში გატანა - მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა.

ტორპედოელთა მცდელობას შტურმი მოეწყოთ მეტოქის კართან შედეგი არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, რეალური ხიფათის შექმნაც ვერ შეძლეს მასპინძლებმა. საბოლო შედეგმა კი გვიჩვენა, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება, რომლის წინ ცხინვალელებმა მცირეოდენი უპირატესობა მიიღეს.

 

საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩი

“ტორპედო” (ქუთაისი) – “სპარტაკი” (ცხინვალი) 2:2 (0:1)

25 სექტემბერი. 17:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 200 მაყურებელი

“ტორპედო”: ქვილითაია, ცინცაძე, საბანაძე, ფანცულაია, ზაზა ჭელიძე, გოროზია, მთივლიშვილი, ჭანტურია (სანდოხაძე, 46), სულთანიშვილი (კუხიანიძე, 46), მზევაშვილი (კაპანაძე, 61), უბილავა.

მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი

“სპარტაკი”: ნანიევი, ჭაფოძე, კვეკვესკირი, ქურდაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, კილასონია, შონია (ბურძენაძე, 69), თუხარელი (თექთურმანიძე, 65), ჩაფიძე, მეტრეველი, ფანცხავა (კაკაშვილი, 81).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გოლები: 0:1 ფანცხავა (18), 1:1 საბანაძე (47), 1:2 ფანცხავა (52), 2:2 საბანაძე (75).  

გაფრთხილება: სულთანიშვილი (39).  

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი(თბილისი)

 

 სიონი (ბოლნისი) _ ზესტაფონი 1:0 (0:0)

დილა (გორი) _ დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)

გურია (ლანჩხუთი) _ მერანი (მარტვილი) 1:2 (0:1)

კოლხეთი (ხობი) _ დინამო (თბილისი) 0:9 (0:6)

ლოკომოტივი (თბილისი) _ ჩიხურა (საჩხერე) 0:3 (0:1)

მეტალურგი (რუსთავი) _ კოლხეთი (ფოთი) 2:0 (1:0)

მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება.

       

0.125958