საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები რუსეთში გაემგზავრნენ. 9-10 ნოემბერს მოსკოვი "ევროპის ერთა თასს” უმასპინძლებს. ტრადიციულ გუნდურ ტურნირში საქართველოს გარდა რუსეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ერთადერთი, ვინც წინასწარ განაცხადს გამოაკლდა, ტრავმირებული იაკობ მაქარაშვილია (74 კგ) და მისი ადგილი გიორგი მარსაგიშვილმა დაიკავა. ქართული გუნდის სიძლიერე რუსულმა გამოცემებმაც აღნიშნეს და ფავორიტადაც დაასახელეს. მათივე ცნობით, ამ სტილში სხვა ქვეყნის ნაკრებებმა გადახალისებული გუნდებით ჭიდაობა გადაწყვიტეს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი რუსულ ხალიჩაზე ექსპერიმენტული შემადგენლობით გავა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამყოფი გუნდის წევრთაგან ამჯერად განაცხადში არ არიან ბაჩანა ფუტკარაძე (55 კგ) და რევაზ ლაშხი (60 კგ).
წინასწარი შეხვედრები 9 ნოემბერს გაიმართება. 10-ში კი ფინალური ბრძოლები შედგება.
საქართველოს ნაკრები
თავისუფალი ჭიდაობა
55 კგ - გიორგი ედიშერაშვილი
60 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
66 კგ - ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ - გიორგი მარსაგიშვილი
84 კგ - დავით მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი
96 კგ - ელიზბარ ოდიკაძე და დავით ქერაშვილი
120 კგ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
55 კგ - ნიკა ცეცხლაძე
60 კგ - თორნიკე თურქიშვილი
66 კგ - საჩინო დავითაია
74 კგ - ზურაბ დათუნაშვილი და ილია გულბათაშვილი
84 კგ - გიორგი ცირეკიძე და რევაზ ნადარეიშვილი
96 კგ - სოსო ჯაბიძე და ვასილ იმერლიშვილი
120 კგ - გურამ ფერსელიძე და ლევან არაბული