რუსეთის საფეხბურთო კავშირმა თავის ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, ამ ორგანიზაციისთვის გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება უადგილო და არაპრიორიტეტულია.
“ამჟამად, რუსეთის საფეხბურთო კავშირისთვის პრიორიტეტული მაქსიმალურად კარგი პირობების შექმნაა რუსეთის ეროვნული ნაკრების წარმატებით გამოსვლისთვის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ახალგაზრდულ ნაკრებების ასპარეზობა, 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მომზადება, 19-წლამდელებს შორის ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოსვლა, 17 წლამდე გოგონებს შორის ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში მონაწილეობა და ა.შ.
რაც შეეხება პრესაში განხილვად გაერთიანებული ჩემპიონატის თემას, რუსეთის საფეხბურთო კავშირმა თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. ამ ეტაპზე ეს თემა პრიორიტეტული არაა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის საფეხბურთო კავშირი გაერთიანებული ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტისგან დოკუმენტებს მიიღებს, მათ განვიხილავთ და აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაო შეხვედრის თარიღი დაიგეგმება”- იუწყება რუსეთის საფეხბურთო კავშირი.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარების იდეა “გაზპრომის” გენერალური დირექტორისგან ალექსეი მილერისგან წამოვიდა და მასში რუსეთისა და უკრაინის კლუბების მონაწილეობაა დაგეგმილი. ამ ჯერჯერობით არშემდგარი ჩემპიონატის ორგკომიტეტის თავჯდომარე ვლადიკავკაზის “ალანიას” პრეზიდენტი ვალერი გაზაევია.