მოცემული მომენტისთვის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი, ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი ჯუზეპე როსი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, იქაურ კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა და ექიმებმა წინასწარ დასმული დიაგნოზი დაადასტურეს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს დაჭიმული და დაზიანებული.
როსიმ აშშ-ში ექიმ რიჩარდ სტედმანს ჩააკითხა, რომელიც მის წინა ტრავმებს მკურნალობდა. ამ ექიმის კლინიკა კოლორადოს შტატის ქალაქ ვეილში მდებარეობს. სტედმანის თქმით, ჯუზეპემ სამკვირიანი სარეაბილიტაციო პროცესი უნდა გაიაროს, რის შემდეგაც გამოკვლევების ახალი ეტაპი ჩაუტარდება.
როსიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 18 მატჩში 14 გოლი გაიტანა და “იუვენტუსის” ფორვარდ კარლო ტევესს სამი ბურთით უსწრებს ბომბარდირთა დავაში.