ფეხბურთი

17:29 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

როს ბარკლი: “ახალი კონტრაქტი კლუბისადმი ერთგულების ნიშანია”

 

როს ბარკლიმ “ევერტონთან” კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ახსოვს გულშემატკივართა ემოცია, როდესაც გუნდი უეინ რუნიმ დატოვა და არ სურს, თავისი წასვლით მათ კიდევ ერთხელ დაწყვიტოს გული.

20 წლის ნახევარმცველის განცხადებით, ახალი ხელშეკრულება კლუბის მიმართ მისი პატივისცემის მანიშნებელია და ლივერპულიდან წასვლას არ აპირებს. ბარკლის სურს, რომ “ევერტონთან” ერთად უფრო მაღალ დონეზე გავიდეს.

“ეს ჩემი გზავნილია და მინდა, ყველამ იცოდეს, რომ კლუბში დარჩენა მსურს. “ევერტონთან” ერთად ბევრი წარმატების მიღწევას ვაპირებ. მახსოვს, რა მოხდა, როდესაც გუნდიდან რუნი წავიდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში და იმედი მქონდა, რომ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდებოდა. მაგრამ ის წავიდა და ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ახალი კონტრაქტის გაფორმება. გუნდის ლიდერები უნდა შევინარჩუნოთ  და წარმატებასაც მივაღწევთ. “ევერტონში” ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი გავატარე – ეს ჩემი სახლი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს ის კლუბია, რომელიც მიყვარს და მის გამო უკან არაფერზე დავიხევ.

ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, რათა გამორჩეული ფეხბურთელი გავხდე და ვიმედოვნებ, რომ ამას მივაღწევ. პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი სეზონი ჩავატარე და სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს. მინდა, საკუთარი თავი სხვა პოზიციაზეც გამოვცადო – ცენტრში თამაში ძალიან მხიბლავს.” – განაცხადა ბარკლიმ SkySports-თან საუბრისას.

გასულ სეზონში, ბარკლი “ევერტონის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. კლუბმა პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ბოლო ტურებამდე ინარჩუნებდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსს. ახალგაზრდა შემტევმა 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაიტანა.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.134466