“ატლეტიკო მინეიროს” ნახევარმცველმა რონალდინიომ ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ სპორტულ გამოცემას გაუმხილა, რომ კონფედერაციის თასზე ბრაზილიის ნაკრების თამაშებს არ უყურებს.
“ეს უბრალოდ ჩვევაა - არც ჩემი კლუბების და არც ნაკრების თამაშს თავიდან ბოლომდე არ ვუყურებ. მირჩევნია ნამატჩევს მიმოხილვა და საინტერესო მომენტები ვნახო. თუმცა არ იფიქროთ, ბრაზილიელების წარმატების სურვილი ვინმეზე ნაკლები მქონდეს. ბიჭებს სულით და გულით ვქომაგობ” – განაცხადა რონალდინიომ.
შეგახსენებთ, პენტაკამპიონების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კონფედერაციის თასის განაცხადი ნაკრების ყოფილი ლიდერის გარეშე შეავსო, რითაც ბევრი გააოცა და ამასთან, გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რონალდინიოს არც მომავალ ზაფხულს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობაში შეიყვანს. არადა, ფეხბურთელმა უკვე არაერთხელ უთხრა ჟურნალისტებს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობაში მოხვედრაზე პატარა ბავშვივით ოცნებობს.