ფრანგული პსჟ-ს ახალგაზრდა ნახევარმცველი ადრიენ რაბიო, იტალიური “რომას” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
რომაელები 19 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ცდილობდნენ და მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. რაბიოს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ “მგლები” მზად არიან, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ის ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე შეიძინონ.
“რაბიო გამორჩეული ფეხბურთელია. ჩვენ ის ძალიან მოგვწონს და ვერ დაველოდებით მის თავისუფალ აგენტად ქცევას”, - განაცხადა იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ.
ადრიენმა პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება თავად იუარა და პსჟ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვდა თავიდან, თუმცა მერე, სატრანსფერო ფასი 12 მილიონამდე შეამცირა. საფრანგეთის ლიგა 1-ის გასული სეზონის 25 მატჩში, ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა.