იტალიური "რომას" სპორტული დირექტორის ვალტერ საბატინის განცხადებით, კლუბი მეჰდი ბენატიას 61 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ მაროკოელი მცველით კატალონიის "ბარსელონა", “მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი" არიან დაინტერესებულები.
"არისტოკრატებმა" "რომას" უკვე შესთავაზეს 22 მილიონი ევრო და ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, იტალიელები მაინც უარზე არიან. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელთა შეთავაზება კი 30 მილიონი ევროა.
"რა თქმა უნდა, ბენატია იყიდება, ოღონდ მას ჩვენ 61 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გავყიდით. იგი კარგი ფეხბურთელია და გუნდური თამაში ნამდვილად იცის. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ვიასპარეზებთ და შემადგენლობის შენარჩუნება გვსურს,” - განაცხადა საბატინიმ.
თავის მხრივ, 27 წლის ფეხბურთელი ამჟამინდელი პირობებით უკმაყოფილოა და გაუმჯობესებულ კონტრაქტს ითხოვს. გასულ წელს "რომამ" ბენატია "უდინეზესგან" 13.5 მილიონ ევროდ შეიძინა. მაროკოელმა იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 5 გოლიც გაიტანა.
გიორგი ბალახაძე