მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სერენა უილიამსი განაგრძობს წარმატებულ სვლას როლან გაროსზე. 31 წლის ამერიკელმა ტურნირის მეოთხე წრეში, ძალზედ იოლად დაამარცხა იტალიელი რობერტა ვინჩი - 6:1, 6:3 და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა.
შეხვედრა 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სერენამ 4 ბრეიკი შეასრულა, 5 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი 1 ეისის წილ ამდენივე ორმაგი მიითვალა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 3:0 გახდა ამერიკელის სასარგებლოდ.
საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალის საგზურისათვის დებ უილიამსებს შორის უმცროსი სერენა რუს სვეტლანა კუზნეცოვას დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას გამოთიშა გერმანელი ანგელიკ კერბერი - 6:4, 4:6, 6:3.