ფეხბურთი

15:42 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

როინ კვასხვაძე: "იმედია, „ტორპედოს“ ექნება საკმარისი პირობები, რათა ის ფეხბურთელები შეინარჩუნოს, რომლებიც გუნდისთვის ძალას წარმოადგენენ"

მრავალი გულშემატკივარი თვლის, რომ, ძველი დროიდან მოყოლებული, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის რგოლში ძირითადად არ უჭირს. საბედნიეროდ, ეს საკითხი ჩვენს გუნდში დღესაც წესრიგშია, რაც 24 წლის როინ კვასხვაძის დამსახურებაა. პირველნომრიანი მაისურის მფლობელს მისი ბაბუის, ასევე როინ კვასხვაძის, გენები გამოჰყვა. ბაბუის, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობით „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეკარე(კაპიტანიც) გახლდათ. მართლაც, განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა კლუბის ისტორიაში ასეთი წარმატებული მეკარის ადგილს წლების შემდეგ მისი შვილიშვილი, იგივე სახელისა და გვარის მქონე, იკავებს და ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმის კეთებას ძალიან კარგადაც აგრძელებს. კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის ტრადიციების დამცველი დღეს ტორპედოელთა კაპიტანიც არის. ამა წლის დასაწყისში, მშობლიური ქალაქის კლუბში ჩარიცხვის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბევრი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელიც მის აქტივში ჩაიწერა. აქვე სასიამოვნო სიახლეზეც, ქვეყნის პირველი გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იგი 29 მაისსა და 3 ივნისს, შესაბამისად, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთა წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. ჩვენ თავად კვასხვაძეს არამარტო „ტორპედოსა“ და პირადად მასთან დაკავშირებულ, არამედ სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ, გთავაზობთ ინტერვიუს...

 - მოდი, პირველ რიგში, მოგვიყევი, მეკარეობა როგორ დაიწყე?

 - სიმართლე გითხრათ, როცა ფეხბურთში შევაბიჯე, თავიდან ნახევარმცველი ვიყავი. მამაჩემს, გიორგი კვასხვაძეს ავტოქარხანაში ჰქონდა საფეხბურთო სკოლა „მემორიალი“, რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო. მე და ჩემმა ძმამ აქ დავიწყეთ თამაში. იმ პერიოდში ქუთაისიდან ყველა თბილისში გარბოდა, რადგან იქ უფრო განვითარებული იყო სკოლები. მეც 13 წლის ასაკში წავედი თბილისის „თბილისში“, სადაც ჭაბუკთა ლიგაში ჩემი მწვრთნელი იყო კობა ჟორჟიკაშვილი, თუმცა მეკარეების მწვრთნელიც და ჩემთვის ყველაფერი მაშინ მამაჩემი გახლდათ, იგი მავარჯიშებდა კიდეც. იქ 1 წელი ვითამაშე და მერე „ზესტაფონმა“ შემისყიდა, სადაც 16 წლის ვიყავი, როცა უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში ჩავატარე.

- შენი ბაბუა ერთ-ერთი სახელგანთქმული ტორპედოელი იყო, ეს დამატებით სტიმულს უნდა გაძლევდეს...

 - ბაბუაჩემს მართლაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ალბათ, მისი გენები მეც გადმომეცა. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავამართალო ის ტრადიცია, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოჯახი და იმედია, ასეც იქნება. მამაჩემსაც უთამაშია ფეხბურთი, თავის დროზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო. მისი დიდი სურვილითა და შთაგონებით პოზიცია შევიცვალე და ბაბუის კვალს გავყევი.

 - კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის კიდევ ერთი წევრი შენი ძმაა, ნიკოლოზი ამჟამად საჩხერისჩიხურაშიასპარეზობს,  ერთი პერიოდი ერთადაც თამაშობდითზესტაფონში“...

 - დიახ, „ზესტაფონში“ ორივეს ბედნიერი წლები გვაქვს გატარებული, ყველაზე კარგად ის სეზონი გვახსენდება, როცა ეროვნული თასის ფინალი ისე მოვიგეთ, რომ ორივე ძირითად შემადგენლობაში ვიყავით. მართლაც, დიდი სიხარული მოგვანიჭა იმ წლებმა, როცა ერთად ვთამაშობდით, მერე ის სხვა გუნდში გადავიდა. ვფიქრობ, ნიკას აქვს იმის ნიჭი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

რაც შეეხება ჩემს ზესტაფონურ კარიერას, მოხარული ვიყავი, რომ იმ დიდ კლუბში ჩემი სიტყვა მეც მეთქმოდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო „ზესტაფონის“ ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს, იქ 8 წელი გავატარე და ცხადია, ამ კლუბს ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

- დღესტორპედოშიხარ, აქაურობა როგორ მოგწონს?

 - საერთოდ, ეს კლუბი, რომ ჩემთვის ძალიან ახლოა, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. როცა დღევანდელი გუნდი შეიკრიბა, ისე ჩანდა, რომ „ტორპედო“ არ წარმოადგენდა საშუალო ძალასაც კი, მაგრამ ნელნელა ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა ვიგრძენით ჩვენ-ჩვენი მოვალეობები და ვფიქრობ, რომ ძალიან მეგობრული გუნდიც გავხდით და დღეს უკვე შეგვიძლია სხვა გუნდებზე კონკურენციის გაწევაც.

- ბოლო ტურში, „მერანთანმოგების შემთხვევაშიტორპედოქვედა ექვსეულში გამარჯვებული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციაში არაერთ გუნდს უკვე აჯობეთ...

 - არის გუნდში ხშირი საუბარი მაგ საკითხზე და ახლაც ჩვენი ერთადერთი საზრუნავიც სწორედ ეგაა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ, ღმერთის წყალობით, ვიგებთ თამაშებს და კარგად მიდის ყველაფერი, თუმცა, რასაკვირველია, ამ გუნდს ჭირდება გაძლიერება, რათა ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლოს.

- „ტორპედოსმომავალი როგორ წარმოგიდგენია?

 - მომავალზე რა გითხრათ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კლუბი რაც შეიძლება მაღალი დონის იყოს და უფრო სტაბილური მდგომარეობა ჰქონდეს. „ტორპედო“ საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს. საერთოდ, ქუთაისთან თამაში ძალიან რთულია ყველასთვის, რა გუნდიც არ უნდა ჰყავდეს.

- ეროვნული ჩემპიონატის გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული თემა ამ ბოლოს ძალზედ აქტუალური გახდა, შენი მოსაზრება როგორია აღნიშნულზე?

 - მე დღეს „ტორპედოში“ ვარ და შიდა სამზარეულოში ჩახედულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ „ტორპედოს“ არანაირ გარიგებაში არ მიუღია მონაწილეობა. ის, რასაც მივაღწიეთ ბიჭებმა, ყველაფერი ჩვენი პატიოსანი შრომის შედეგია.

 - ნაკრებში დიდი ხანია გიძახებენ, ახალი მოწვევაც უკვე მოგივიდა, თუმცა ამ ეტაპზე უმეტესად თადარიგში გიწევს ყოფნა, უფრო ძლიერი კონკურენტები გყავს?

 - რა თქმა უნდა, ასეა. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ ვის ათამაშებს და მე ყველანაირად ვცდილობ და კიდევ ბევრჯერ დაველოდები ჩემს შანსს, რათა დავამტკიცო ის, რომ მე ვარ ღირსეული კონკურენტი: გიორგი ლორიას, ნუკრი რევიშვილის და ომარ მიგინეიშვილის.

 - ესპანეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ მატჩში(0:1) დებიუტი გქონდა ჩვენს ნაკრებში, ამ თამაშში ლორიას გმირობაზე მთელი საქართველო დღემდე ლაპარაკობს, შემდეგ მან ტრავმა მიიღო და შენ შეხვედი მოედანზე, როგორ გაიხსენებ იმ წუთებს?

 - ძალიან რთული იყო, როცა ისეთ დროს შევედი მოედანზე, მითუმეტეს ესპანეთთან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან გამიხარდა, რომ ჩავერთვე შეხვედრაში, პირველი თამაში იყო და ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი და ვეცდები, რომ თუ კიდევ მომეცემა მომავალში შანსი, უფრო გავამართლო იმედები.

 - .. პირველხარისხოვანი გუნდებიდან რომელს გულშემატკივრობ ევროპაში?

 - მადრიდის „რეალს“, რომელიც წელს საკმაოდ კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ამ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებით დაასრულებს.

- სამაგალითო მეკარე ვინ არის შენთვის?

 - იკერ კასილასი ჩემთვის სამაგალითოა, თუმცა დღესდღეობით მსფოლიოში მაინც საუკეთესო მგონი ჯიანლუიჯი ბუფონია, ასევე, გამოვარჩევდი მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს, კურტუას.

 - საქართველოს ჩემპიონატში თუ არის ისეთი ფორვარდი, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხი?

 - არასდროს მითქვამს ამა თუ იმ თამაშზე პერსონალურად რომელიმე ფეხბურთელზე, რომ ის  გოლს ხშირად მიტანს. თუ გამორჩევაზეა საუბარი, ჩემი თანაგუნდელია, თუმცა მაინც ბექა ტუღუშს გამოვარჩევდი, ასევე, კარგი თავდამსხმელია ნიკუშა საბანაძეც. ადრე კი გელაშვილი-დვალის დუეტი განსაკუთრებით შედეგიანი იყო.

 - "ტორპედოსთან" მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვს, რას აპირებ შემდეგ?

 - აქ როცა მოვდიოდით არავინ არ იცოდა თუ რა სიტუაცია დაგვხვდებოდა. ყველანაირად მინდოდა, რომ „ტორპედოს“ დავხმარებოდი. ეს ჩემი, მამაჩემის და მთლიანად ჩემი ოჯახის დიდი სურვილი იყო. მოხარული ვარ, რომ მეც შევიტანე საკუთარი წვლილი გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში და შესაძლოა, ქვედა ექვსეულშიც პირველები ვიყოთ.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს. იმედია, „ტორპედოს“ ექნება საკმარისი პირობები, რათა ის ფეხბურთელები შეინარჩუნოს, რომლებიც გუნდისთვის ძალას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისევ აქ გავაგრძელებ კარიერას. აქვე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. რამდენიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის ვგრძნობთ მათ თანადგომას. მოსვლის დღიდან მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ბოლომდე გვერდში მედგნენ, ყველა თბილად მხვდებოდა და მათი დამსახურებაც იყო, რომ ადაპტაცია ძალიან გამიიოლდა. როცა აქ მოსვლაზე მიდიოდა საუბარი, ჯერ გადაწყვეტილიც არ მქონდა, როცა გულშემატკივრებმა ისეთი ფონი შემიქმნეს, შანსიც არ მქონდა გადაფიქრების და არც ვაპირებდი.

 - დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. 

http://fctorpedo.ge

 

0.114056