ფეხბურთი

15:34 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

როგორი მდგომარეობაა ჭიათურაში...

ხვიჩა ქასრაშვილი: "აქამდე, სადაც უჭირდათ, სულ იქ მეძახოდნენ"


როგორც "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, პირველლიგელი "ჭიათურას" მწვრთნელად ხვიჩა ქასრაშვილი დაინიშნა. საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ ქალაქში ფეხბურთის მხრივ - ჭიათურას გუნდი ჰყოლია უმაღლეს ლიგაში ("მაღაროელი") და საფეხბურთო ტრადიცია არ აქვსო, ვერ ვიტყვით.

- შემომთავაზეს სამსახური და ჩავედი. კლუბი სახელმწიფოს ხარჯზეა და იმედი აქვთ, რომ დამატებითი სახსრებიც გაჩნდება, თუმცა დეტალურად არაფერი ვიცი. მითხრეს, ნორმალური გუნდის გაკეთება გვსურსო და დავთანხმდი. ერთი შეხედვით, ცუდი გუნდი არ ჩანს და ვნახოთ. რასაც ველოდი, იმაზე უკეთესია.

- რაიმე კონკრეტული მიზანი არის დასახული?

- ჯერ მხოლოდ ორი დღეა, რაც გუნდში ვარ. ორმხრივი მატჩი ჩავატარე და ვარჯიშიც არ მქონია. ენთუზიაზმი არის, დანარჩენი კი ჩემპიონატის დროს გამოჩნდება.

- სტადიონი როგორ მდგომარეობაშია?

- სხვათა შორის, ბალახის საფარი კარგია. გასახდელებიც ნორმალურადაა, აი, ტრიბუნებზე კი რა გითხრათ. ფედერაციიდან 1000 სკამის გადმოცემას შეგვპირდნენ და ალბათ, მოხერხდება ჩამოტანა, დამონტაჟება.

- ზოგადად ქალაქში თუ იგრძნობა ფეხბურთისადმი ინტერესი?

- ასე თუ ისე, იგრძნობა. საკრებულოსთან შეხვედრით კმაყოფილი დავრჩი: ინტერესი აქვთ, რომ კარგი გუნდი გაკეთდეს.

- შარშან სექტემბერში დატოვეთ "სიონი". მას შემდეგ, როგორც ვიცი, არსად გიმუშავიათ.

- დიახ, ასეა. დავდიოდი სხვადასხვა მატჩების საყურებლად, მათ შორის, ბავშვების თამაშებზეც.

- უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბს წვრთნიდით და ყველაზე სასიამოვნოდ რომელ პერიოდს იხსენებთ?

- ყველა სასიამოვნო იყო, მაგრამ სულ ისე ხდებოდა, რომ როცა უჭირდათ, მაშინ მეძახოდნენ. დალაგებულ, აწყობილ გუნდში რომ მივსულიყავი, ასე არასოდეს ყოფილა.

ცნობისთვის, "ჭიათურა" პირველი ლიგის A ზონაში ითამაშებს. იქ, სადაც არიან „ჩხერიმელა“, სტუ, „სამტრედია“, „ლოკომოტივი“, „კოლხეთი“ (ხობი), „მეშახტე“,  "მესხეთი“, "მერცხალი“ და „დინამო“ (ბათუმი).

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114468