ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩები კვირა-ორშაბათს გაიმართება. 8 დეკემბერს მხოლოდ ერთი შეხვედრაა - გორში “დილა” “ზესტაფონს” უმასპინძლებს. დანარჩენი 5 თამაში კი ორშაბათს ჩატარდება. ინგლისელების Boxing day-სი არ იყოს, ჩვენს ჩემპიონატშიც ბოლო კვირების კალენდარი ძალიან დატვირთულია, გუნდებს თითქმის ყოველ მესამე დღეს უწევთ თამაში, რაც, დაგვეთანხმებით, ქართული რეალობისთვის ცოტა უჩვეულოა. ამიტომ, საინტერსოა, ვინ როგორ გაუძლებს ფიზიკურად ასეთ ტემპს.
დილა (გორი) – ზესტაფონი
8 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00
დისკვალიფიცირებული: ფერეირა (“ზესტაფონი”)
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ლ. თოდრია, ი. უკლება, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
პირველ წრეში – 0:2
ტურის ცენტრალური მატჩია. “დილა” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს “ზესტაფონს” და მარცხის შემთხვევაში, სატურნირო მდგომარეობას ერთობ გაირთულებს. თავის მხრივ, მარგველებმა ახლახან შეაღწიეს ზედა ექვსეულში და უკან დახევას აღარ აპირებენ. არადა, საინტერესო ვითარებაა ცხრილში, მესამე და მერვე ადგილებს სულ 2 ქულა აშორებთ, ამიტომ ყოველ პუნქტს უკვე დიდი ფასი დაედო.
ზესტაფონელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის დამრიგებელი გია გეგუჩაძე ამ დღეებში სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა, სამწვრთნელო PღO ლიცენზია წარმატებით გაიხანგრძლივა და ახლა შეგირდებს “დილასთან” მატჩისთვის ამზადებს.
შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ჩიხურა (საჩხერე) – მერანი (მარტვილი)
9 დეკემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00
მსაჯები: თ. ხუჭუა, ზ. ფიფია, ზვ. ერქვანია, დ ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში – 2:3
წინა ტურში საჩხერელები “ზესტაფონს” ნიკოლოზ კვასხვაძის გოლით უგებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაათაბრა და თავისიანებს ერთი ქულა მოუტანა, ზემოიმერლებს კი 2 დააკარგვინა. ამავე დღეს ლიდერმა “დინამომ” “გურიას” 3:1 მოუგო და მდევარ “ჩიხურას” უკვე 6 ქულით გაუსწრო. ამიტომ სოსო ფრუიძის ბიჭები ერთ-ერთი აუტსაიდერის წინააღმდეგ აუცილებელი 3 ქულის ასაღებად გაირჯებიან. “მერანს” კი 10 ტურია აღარ გაუმარჯვია.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი)
9 დეკემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00
დისკვალიფიცირებული: შოთა დავლაშელიძე (“ვიტ ჯორჯია”)
მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
პირველ წრეში – 1:1
ბოლო ერთი თვის საუკეთესო ქართული გუნდი ბოლნისის “სიონია.” ლადო ბურდულის შეგირდებმა მიჯრით 4 მატჩი მოიგეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. ახლა მათ, შარშანდელისგან განსხვავებით, ზედა ექვსეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ, მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ. ამ ოთხიდან ქვემოქართლელებმა ორ ისეთ მატში იმარჯვეს, თავიდან რომ აგებდნენ. ეს მათ ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს, რაც ქართულ სინამდვილეში იშვიათი შემთხვევაა. მცხეთაშიც, ალბათ არაფერს დაუთმობენ მასპინძელ “ვეტერინარებს.”
“ვიტ ჯორჯია” ცხრილში “სიონზე” ერთი საფეხურით დაბლა დგას, თუმცა 4 ქულით ჩამორჩება და ყველაფერს იღონებს, ეს დეფიციტი მინიმუმამდე რომ დაიყვანოს.
ზუგდიდი – დინამო (თბილისი)
9 დეკემბერი. განმუხური. ცენტრალური. 14:00
დისკვალიფიცირებულები: ნიკოლოზ აფაქიძე (“ზუგდიდი”); გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. ვარამიშვილი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში – 0:3
“დინამოს” ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ჩეხი დუშან უჰრინის მაგიერ მთავარ მწვრთნელად მალხაზ ჟვანია დაინიშნა. საკმაოდ საინტერესო ხედვის ახალგაზრდა სპეციალისტი. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პარასკევს ჟვანიამ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. ასისტენტობას მას თამაზ სამხარაძე, რამაზ სვანაძე, გელა ჭანტურია და ლევან აბაშიძე უწევდნენ.
გასულ ტურში “დინამომ” შინ 3:1 მოუგო კერკეტ “გურიას” და გათამაშების ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ზუგდიდელებმა კი წლევანდელ სეზონში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. ეს ამბავი 31 აგვისტოს მოხდა, როცა განმუხურში თავიდან აგებდნენ “სიონთან,” ჯამში კი ლუკა გუგუჩიას პენალტით და ნიკა აფაქიძის გოლით 2:1 მოუგეს. თუმცა მას შემდეგ სამ თვეზე მეტი და 11 ტური გავიდა.
შარშანდელ სეზონში, განმუხურში, ამათი ბოლო შეხვედრა ხმაურიანი გამოდგა. (მაშინ “ზუგდიდმა” 0:2 წააგო) თამაში 56-ე წუთზე დაიძაბა და მინდორზე ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლაც გაჩაღდა, რის გამოც მთავარ არბიტრს ლაშა სილაგავას თამაშის გაჩერება რამდენიმე წუთით მოუწია. ყველაფერი „დინამოს“ ესპანელი ლეგიონერის ჩისკოს არასპორტულ საქციელს მოჰყვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ის აფაქიძეს შეეჯახა, რის შემდეგაც ესპანელი ზუგდიდელ მცველს გამოეკიდა და ხელი პირდაპირ სახეში გაარტყა, აფაქიძე მინდორზე გაიშხლართა, ფეხბურთელებს შორის არეულობა დაიწყო, ხოლო ტრიბუნებზე ქომაგების დაწყნარება სამართალდამცავებს მოუხდათ. მერე ჩისკომ თქვა, ვწუხვარ ასე რომ მოხდა, განრახ არ ჩამიდენია, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ჩემს მიმართ მეტოქე გუნდის მცველების მხრიდან სხვადასხვა ფორმით მიზანმიმართული პროვოცირება ხორციელდებოდაო.
მერე სფფ-ის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომიტეტმა ესპანელი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციითA და 500 ლარიანი ჯარიმით Dდასაჯა.
გურია (ლანჩხუთი) – ტორპედო (ქუთაისი)
9 დეკემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: ნიკა ფირცხალავა, ნიკა ჭანტურია (“ტორპედო”)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, გ. ჩიგოგიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში – 0:1
როგორც ჩანს, “გურიას” ბანაკში დავიდარაბა დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, წინა ტურში “დინამოსთან” მატჩის შემდეგ ლანჩხუთელთა ნახევარმცველმა ერეკლე კილაძემ თქვა: ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გახლავართ. პრობლემები იყო და არ გვივარჯიშია. დასანანია რომ წავაგეთ. მომდევნო თამაში “ტორპედოსთან” გვაქვს და ახლა ესაა მთავარი. არავის გვიფიქრია, “დინამოსთან” ფრეზე გვეთამაშა. ამბიცია გვაქვს და “ტორპედოსთანაც” მოსაგებად ვითამაშებთ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარინა თოთლაძეს (“გურიას” დირექტორის კობა მირზაშვილის და-რედ.). ის გვერდით დაგვიდგა და თანხა მოგვიტანა. დიდი სიყვარულით დავითანხმეთ ერთმანეთი, რათა მოედანზე გავსულიყავით. რადგან დღეს სათამაშოდ გავედით, წელსაც ჩავამთავრებთო.
“ტორპედომ” კი ნავსი გატეხა, ზედიზედ 5 წაგების შემდეგ ცხინვალის “სპარტაკი” დაამარცხა და ახლა ზედა ექვსეულში მოსახვედრად ყოველი ქულისთვის გააფთრებით იბრძოლებს.
სპარტაკი (ცხინვალი) – მეტალურგი (რუსთავი)
9 დეკემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00
დისკვალიფიცირებული: ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”)
მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში – 0:1
ნოემბრის დასაწყისში “სპარტაკში” კახა კაჭარავას მთავარ მწვრთნელად მისვლა თითქოს იღბლიანი გამოდგა. კრიზისში მყოფმა გუნდმა ზედიზედ ორი თამაში მოიგო და ქომაგებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედი ჩაუსახა. თუმცა ამას მიჯრით სამი მარცხი მოჰყვა და კვლავ ბოლოსწინა ადგილზე არიან. რუსთაველებმა კი, თუ “ზესტაფონთან” მარცხს არ ჩავთვლით, ბოლო შეხვედრები საკმაოდ კარგად ჩაატარეს. ახლა 23-23 ქულით გორლებთან 4-5 ადგილებს იყოფენ და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაზეც არ იტყოდნენ უარს.
1 | დინამო (თბ) | 15 | 11 | 3 | 1 | 37:12 | 36 |
2 | ჩიხურა | 15 | 9 | 3 | 3 | 33:21 | 30 |
3 | გურია | 15 | 8 | 0 | 7 | 17:21 | 24 |
4 | დილა | 15 | 6 | 5 | 4 | 20:14 | 23 |
5 | მეტალურგი | 15 | 6 | 5 | 4 | 20:19 | 23 |
6 | ზესტაფონი | 15 | 6 | 4 | 5 | 17:12 | 22 |
7 | ტორპედო | 15 | 6 | 4 | 5 | 18:15 | 22 |
8 | სიონი | 15 | 6 | 4 | 5 | 19:18 | 22 |
9 | ვიტ ჯორჯია | 15 | 5 | 3 | 7 | 19:23 | 18 |
10 | მერანი | 15 | 4 | 1 | 10 | 14:30 | 13 |
11 | სპარტაკი | 15 | 3 | 1 | 11 | 11:24 | 10 |
12 | ზუგდიდი | 15 | 1 | 5 | 9 | 5:20 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
7 - ჩისკო (“დინამო”)
6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)
4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)
3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა