“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა “მანჩესტერ სიტისთან” გამართული მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი ლი მეისონი გააკრიტიკა და ახლა ამისათვის შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს.
ზემოთნახსენები თამაში 26 დეკემბერს გაიმართა და მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა - 2:1. როჯერსი მეისონის რამდენიმე გადაწყვეტილებით დარჩა უკმაყოფილო და ის მიკერძოებაში, ასევე მატჩის შედეგით დაინტერესებაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მსაჯთა ბრიგადამ რაჰიმ სტერლინგის გოლი არ ჩათვალა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთის ასოციაციამ როჯერსისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. “ლივერპულის” მწვრთნელს დრო ოთხშაბათს, საღამოს ექვს საათამდე მისცეს.