მელბურნში ფედერერის საქველმოქმედო ფონდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით როჯერისა და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას მატჩი ჩატარდა. შეხვედრა შვეიცარიელმა 6:7, 6:3, 7:5 მოუგო. მთლიანად ღონისძიებაში ავსტრალიელმა ჩოგბურთელებმა პატრიკ რაფტერმა, ლეიტონ ჰიუიტმა, როდ ლეივერმა და ტონი როჩმა მიიღეს მონაწილეობა, ფედერერის საქველმოქმედო ფონდში კი მილიონ დოლარზე მეტი ჩაირიცხა.
მატჩი მელბურნის ლეივერის სახელობის არენაზე ჩატარდა, რომელზეც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი იმართება, შეხვედრის დასრულებისთანავე კი ფედერერმა განაცხადა: “აქ ნებისმიერი მატჩის ჩატარება მეტად სასიამოვნოა. კარიერის განმავლობაში მელბურნში ბევრჯერ მითამაშია და ამ კორტზე დაბრუნებისას განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. თამაშისგან, ტრიბუნებზე გამეფებული ატმოსფეროსგან დიდი სლემის ტურნირის წინ დადებითი ემოციით დავიმუხტე”.
ნამატჩევს კმაყოფილება არც ცონგას დაუმალავს. მან თქვა, როჯერთან ნებისმიერი შეხვედრა სასარგებლო და საპატიოა, თანაც, საშურ საქმეში საკუთარი წვლილიც შევიტანეო.