ჩოგბურთი

23:23 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის მორიგი ტიტული და რეკორდი

 როჯერ ფედერერი დუბაის ტურნირის ჩემპიონი მეექვსედ გახდა. დღევანდელ ფინალში 32 წლის შვეიცარიელმა 3:6, 6:4, 6:3 მოუგო შარშანდელი გადამწყვეტი მატჩის მონაწილე ტომაშ ბერდიხს. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ფედერერმა 4 ბრეიკი და 8 ეისი შეასრულა, 28 წლის ბერდიხთან პირადი მატჩების ანგარიში კი 12:6 გახადა.

დღევანდელი ტრიუმფის შედეგად როჯერის საბანკო ანგარიშზე 465830 დოლარი დაჯდება, ამასთან ფედერერი 500 სარეიტინგო ქულასაც დაიმსახურებს. ხანგრძლივი და ტრიუმფული საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ერთეულთა თანრიგში როჯერმა 78-ე ტურნირი მოიგო.

კარიერის პირველი ტიტული ფედერერმა 2001 წელს მილანში მოიპოვა. მას შემდეგ მოყოლებული იგი ყოველწლიურად მინიმუმ ერთ შეჯიბრებას მაინც იგებს და აგერ უკვე 14 წელიწადია, სეზონს უტიტულოდ არ ასრულებს. ტურნირებზე მოპოვებულ გამარჯვებათა რაოდენობით ფედერერმა ამერიკელ ჯონ მაკინროის გაასწრო და მესამე ადგილზეა. როჯერს მხოლოდ ჩეხი ივან ლენდლი (94 ტურნირი) და ამერიკელი ჯიმი კონორსი (109) უსწრებენ.

დუბაის ტურნირს რაც შეეხება, ფედერერი წლეულს მერვედ გავიდა ამ შეჯიბრების ფინალში. 2003, 2004, 2005, 2007 და 2012 წლებში როჯერმა გადამწყვეტი შეხვედრები მოიგო, 2006 და 2011 წლების ფინალები კი შესაბამისად რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132392