ჩოგბურთი

22:13 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “იმედი მაქვს, ნადალს მოვუგებ”

 დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ ენდი მარეის 6:3, 6:4, 6:7, 6:3 მოუგო და ნახევარფინალში რაფა ნადალს შეხვდება. შეგახსენებთ, ფედერერი წლის პირველი სადიდსლემო შეჯიბრების ოთხგზის გამარჯვებულია, ნადალმა კი მელბურნში 2009 წელს იმარჯვა. ჯერჯერობით რაფასა და როჯერის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 22:10-ია ნადალის სასარგებლოდ. მარეისთან მატჩის დასრულების შემდეგ ფედერერი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

 - ცხელ გულზე რა კომენტარს გაუკეთებთ მარეისთან გამართულ მეოთხედფინალს?

- შეხვედრის 3 სეტით მოგება შემეძლო და ეს მსურდა კიდეც, მაგრამ მესამე პარტიის მიწურულს პასიურად ვითამაშე და მოწინააღმდეგეს “თამაშში დაბრუნების” შანსი მივეცი. ენდიმ ეს შესაძლებლობა სათანადოდ გამოიყენა. მეოთხე სეტში სიმშვიდე შევინარჩუნე და ხელიდან გაშვებული შანსი დავივიწყე. მოხარული ვარ, ასე რომ მოხდა. მნიშვნელოვან პაექრობაში ენდი მარეის დამარცხება ჩემთვის ბრწყინვალე მიღწევაა.

- საკუთარ სპორტულ ფორმას როგორ შეაფასებთ?

- ფიზიკურ ასპექტში თავს მშვენივრად ვგრძნობ. ამ შემთხვევაში კი თამაშის ვარირების საშუალებაც გაქვს და მატჩის მსვლელობისას ტაქტიკის ცვლილებასაც ახერხებ. დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ბევრს ვვარჯიშობდი და ავსტრალიის ღია პირველობის წინ კარგ ფორმაში შესვლაც მოვახერხე.

- ნახევარფინალში რაფა ნადალის წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში...

- რაფასთან თამაში ყოველთვის ძალიან ძნელია. ჩვენი შეხვედრების ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, მას საგრძნობი უპირატესობა აქვს. ნახევარფინალის წინ მწვრთნელებს საფუძვლიანად მოვეთათბირები. როდესაც შტეფანს დუბაიში ვესაუბრე, დიალოგის სოლიდური ნაწილი რაფასთან სამომავლო მატჩს შეეხო. სევერინს რაც შეეხება, იგი რაფას “მოხარშულს” იცნობს. მეტად სერიოზულად მოვემზადებით და იმედი მაქვს, ნადალს მოვუგებ. ვნახოთ, ჩვენ შეხვედრამდე დიდი დრო არაა დარჩენილი.

- დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში პირველად ნახევარფინალში ერთბაშად 2 შვეიცარიელი ჩოგბურთელი იასპარეზებს...

- მე და მირკა ვავრინკას ერთად ვქომაგობდით. სტენის მოგებით ძალიან გავიხარე. მან მარეისთან მატჩის წინ სტიმული მომცა. ვავრინკას მარტო ჯოკოვიჩის წინააღმდეგ კი არ უთამაშია კარგად, იგი მთელი ტურნირის განმავლობაში მაღალ დონეზე ასპარეზობს. სტენს შარშანაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ვავრინკას სადღეისოდ ისე აფასებენ, როგორც მისი კლასის ჩოგბურთელს შეეფერება. ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთდროულად 2 შვეიცარიელის გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა.

0.120224