მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი ოთხშაბათს თოვლიან მოსკოვში ცსკა-სთან გამარჯვებით (3:1) კმაყოფილი დარჩა. ეს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრა გახლდათ და პირველი გოლი სწორედ ჰოლანდიელმა გაიტანა. “კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რეკორდებს არ მივსდევთ, ჩვენ პრიზების მოგება გვინდა, - უთხრა რობენმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს, - შესანიშნავი გუნდი გვყავს და ვამაყობ, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელი ვარ. ცხადია, ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 10 მოგება ფანტასტიკური შედეგია, თანაც თუ გავიხსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს “ბარსელონასთან” ვითამაშეთ.”