მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი “რეალთან” განადგურების (0:4) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გერმანული გუნდი საკუთარი შემტევი სტილის გამო დაისაჯა.
“საქმე დიდი ანგარიშით წაგებაში არაა. ძალან გულდაწყვეტილნი ვართ და ეს წაგება, უდავოდ, დიდი დარტყმაა. ლისაბონში ვერ ვითამაშებთ, რაც ყველაზე მეტად საწყენია. მომდევნო სეზონისთვის ამ მარცხისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ.
ყოველთვის ადვილია ყველაფერში ნეგატიური იპოვო, მაგრამ პოზიტივიც საჭიროა. ჩვენ გერმანიის ჩემპიონები ვართ, არაერთი რეკორდი დავამყარეთ, გერმანიის თასის ფინალში გავედით და ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეოთხედ ვითამაშეთ.
თუ ბოლო 5 სეზონს გავითვალისწინებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3-ჯერ გავედით. დღეს ჩვენი დღე არ იყო, რადგან მეტოქემ უკეთ ითამაშა. შეტევების განხორციელებას ვცდილობდით, რის გამოც დავისაჯეთ.” – აცხადებს არიენ რობენი.