41 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა რივალდომ მუხლის ტრავმის გამო “სან-კაეტანუდან” ნაადრევად წასვლა გადაწყვიტა. მსოფლიოს ჩემპიონმა (2002) და ოქროს ბურთის (1999) მფლობელმა ფეხბურთელმა ბრაზილიის სერია B-ს კლუბთან კონტრაქტი წლეულს, იანვარში გააფორმა ერთი წლის ვადით, მაგრამ ათი თვის განმავლობაში მხოლოდ შვიდი თამაშის ჩატარება შეძლო.
“მუხლის ტრავმა ვერა და ვერ მოვირჩინე და კონტრაქტის ორი თვით ადრე გაწყვეტაც ამ მიზეზით გადავწყვიტე. მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგა და მამხნევებდა. კლუბის პრეზიდენტს და თითოეულ წევრს” – დაწერა რივალდომ თავის ტვიტერზე. კარიერის შესაძლო დასრულებაზე კი ჯერ არსად არაფერი უთქვამს.