ბრაზილიური ფეხბურთის 41 წლის ლეგენდა რივალდო, აქტიური სპორტული კარიერის პარალელურად, ბრაზილიის სერია C-ს კლუბ “მოჯი მირიმის” პრეზიდენტიც იქნება. ამის შესახებ Uol-ი იუწყება. საგულისხმოა, რომ “სან კაეტანოს” ვეტერანი შემტევისთვის ეს პოსტი უცხო არაა, რადგან ახლო წარსულშიც გახლდათ ამ კლუბის პრეზიდენტი.
“სამშაბათს, “მოჯი მირიმის” პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გავხდები. ამის გაკეთება აქამდე არ შემეძლო, რადგან ეს კლუბი “სან კაეტანოსთან” ერთად ერთ ტურნირზე თამაშობდა”, - დაწერა რივალდომ თავის “ტვიტერზე”.
ბრაზილიელი იმას გულისხმობდა, რომ სან პაულუს შტატის ჩემპიონატში, “სან კაეტანო” და “მოჯი მირი” ერთად იბრძოდნენ. საბოლოოდ, რივალდოს გუნდი მე-19 ადგილზე გავიდა და დაქვეითდა, “მოჯი მირიმ” კი, მე-2 პოზიცია დაიკავა და ბრაზილიური ფეხბურთის გრანდებთან ერთად პლეი ოფში იბრძოლებს.