უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, თანამემამულე ფრანკ რიბერი, სანაკრებო კარიერის დასრულების გამო გააკრიტიკა.
მოგეხსენებათ, 31 წლის ფეხბურთელმა, ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა და შემდეგ, სანაკრებო კარიერაც დაასრულა.
"ფეხბურთელის გადასაწყვეტი არაა, ითამაშებს თუ არა ნაკრებში, გადაწყვეტილება მწვრთნელის პრეროგატივაა. რიბერის არ შეეძლო ამ ეტაპზე სანაკრებო კარიერის დასრულება. დეშამი ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, ნაკრებში უეჭველად ითამაშებდა. მსგავს საქმეებს ფიფას სტატუსი განაგებს და თუ რიბერი, მიწვევის შემთხვევაში, ნაკრებში არ გამოცხადდება, "ბაიერნში" სამი თამაშის გამოტოვებით დაისჯება.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი საფრანგეთში იმართება და არ შემიძლია რიბერის გადაწყვეტილება გავიგო _ ის ხომ ფრანგია, შესაბამისად, რატომ უნდა მიატოვო შენი ქვეყანა?", _ განაცხადა პლატინმა.
გიორგი ბალახაძე