31 წლის ესპანელი მეკარე პეპე რეინა აცხადებს, რომ მისი მომავალი კვლავ გაურკვეველია და მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე არც გაირკვევა.
რეინამ, რომელიც “ლივერპულის” საკუთრებაა, გასული სეზონი “ნაპოლიში” გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელ კიპერს არც იტალიელები იტოვებენ და მას დიდი სიხარულით არც ინგლისში ელიან. რამდენიმე თვის წინ, მისი დამატებით სერიოზულად იყო დაინტერესებული “ბარსელონა”, მაგრამ კატალონიელებმა თავიანთი ყოფილი ფეხბურთელი, საბოლოოდ, იუარეს.
“ახლა მხოლოდ ესპანეთის ნაკრებსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ. რაც შეეხება ახალ გუნდს, შექმნილი სიტუაცია ჯერ “ლივერპულთან” უნდა განვიხილო.
“ბარსელონა”? კატალონიელებმა ტერ შტეგენი ახლახანს შეიძინეს. ამიტომ, ამ გუნდში მეკარის ადგილი დაკავებულია. “ატლეტიკოსთან” არანაირი კონტაქტი არ მქონია. მითუმეტეს, რომ მადრიდელები კურტუას შენარჩუნებას შეეცდებიან.” – ციტირებს რეინას სიტყვებს Football Italia.