რაგბი

20:12 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეგულარული სენსაციის გარეშე დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასკვნითი ტურის მატჩები ისეთი შედეგებით დასრულდა, როგორიც მოსალოდნელი იყო. პლეი ოფებში გუნდები ზუსტად ისე დაწყვილდნენ, როგორც ბოლოსწინა ტურის წინ გადანაწილდნენ.

მას შემდეგ, რაც “ჯიქებს” შეცდომით განხორციელებული ცვლილება არ აპატიეს და ჯამში 5 ქულით დასაჯეს, “ლოკომოტივს” მასზე გადასწრების შანსი მიეცა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა “აკადემია” კი დაამარცხა (20:5), მაგრამ პრემიალური ქულა ვერ აიღო. ეგეც რომ არა, “ჯიქებმა” “არმაზს” 31:20 სძლია და დაკარგული მე-4 ადგილი დაიბრუნა. ეს თამაში ერთგვარი რეპეტიცია იყო, რადგან სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს პლეი ოფის პირველი ეტაპის ერთ-ერთ მატჩში.

რადგან ბოლო ტურის მატჩებს მთლიანობაში აზრი თითქმის დაკარგული ჰქონდა, რუსთავში წასვლა და ახალი სტადიონის ხილვა გადავწყვიტეთ. კარგია რუსთავულმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, რადგან ასეთი სტადიონის მქონე ქალაქს უძლიერესთა შორის გუნდი ნამდვილად უნდა ჰყავდეს და გაუმჯობესებული პირობების გამო, ვფიქრობთ, ახალ გათამაშებაში “ხარები” უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ “შევარდენისა” და “ავჭალის” აშენების შემდეგ, რუსთავის სარაგბო სტადიონი, რომელსაც ჯერ კონკრეტული სახელი შერჩეული არა აქვს, ამ ფონდის მიერ მორაგბეთათვის გაკეთებული მესამე საჩუქარია. წინა ორისგან განსხვავებით, ის ტევადობით ყველაზე დიდიცაა. აქ დიდი ტრიბუნის გარდა მოპირდაპირე მხარეს მცირე ტრიბუნაცაა და ჯამში 2889 მაყურებელი ეტევა. გარდა ამისა, ხელოვნური მოედნის გასწვრივ კიდევ ერთი ტრიბუნაა, სადაც 489 მაყურებელს შეუძლია მოთავსდეს.

მინდორი ჯერ მოღონიერებული რომ არაა, ბუნებრივ საფარზე თამაშები ახალი გათამაშებიდან გაიმართება, წლეულს კი, “ხარებმა” ხელოვნურსაფარიანი მოედანი აითვისა. გარდა ამისა, თითქმის დასრულებულია ქვიშის მოედნის მოწყობა და კეთდება კიდევ ერთი, სავარჯიშო მოედანი, ანუ, ჯამში ამ სტადიონს 4 მოედანი ექნება და აქედან ორი სრული სტანდარტისა. ძირითადი ტრიბუნის ქვეშ განლაგებულია ოთხი გასახდელი, საშხაპეები, საპრესკონფერენციო და ფიტნეს-დარბაზები.

პირობებმა რაგბზე პატარებიც მიიზიდა და მომავალში მწვრთნელებს უფრო დიდი არჩევანი ექნებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსთავმა საქართველოს ნაკრებს არაერთი წარმატებული მორაგბე გაუზარდა და იმედია, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. ახალმა სტადიონმა იმის პირობებიც შექმნა, რომ მსურველებმა მსაჯთა კურსები გაიარონ და ახალგაზრდები აქ მსაჯობასაც ეუფლებიან.

სტადიონს აქვს საკუთარი, 500 ავტომობილზე გათვლილი გასაჩერებელი ადგილი და მორაგბეების მოთხოვნით, მაყურებელს სტადიონზე მისვლა რომ არ გაუჭირდეს, სპეციალურად ტრანსპორტიც დაინიშნა, რომელიც გარეუბანს ცენტრალურ რუსთავთან აკავშირებს.

მაყურებელი ვახსენეთ და მინდა აღვნიშნო, რომ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან თამაშს სულ 300-მდე კაცი დაესწრო, არადა, იქვე კორპუსები მრავლად რომაა, თითქმის ყოველი მათგანის 20-30-კაციანი “ბირჟები” იდგა და უქმად დგომას ამ ხალხს იქვე სტადიონზე გადასვლა და საკუთარი ქალაქის გუნდის გულშემატკივრობა რატომ არ ურჩევნია, გაუგებარია. მით უმეტეს, რომ თუ მაინცდამაინც დროის უქმად საუბარში გაყვანა სტადიონზეც ისევე შეიძლება, როგორც კორპუსის ქვეშ, თამაშის მსვლელობა კი, მათ გასართობად ახალ თემებსაც მისცემს.

რაც შეეხება თამაშს, “ლელოსთვის” მის შედეგს არანაირი მნიშვნელობა რომ არ ჰქონდა, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა და ისინი ტრიბუნებიდან ქომაგობდნენ თანაგუნდელებს.  “ხარებმა” თამაშის სასურველი შედეგით დასრულება მოახერხა და ამაში ლომის წილი უჩა მჭედლიშვილს მიუძღვის, რომელიც “ლელოს” აღზრდილია და ალბათ, მწვრთნელებს ანანებინა, თავის დროზე გუნდიდან წასვლის ნება რომ მისცეს.

ანგარიში “ლელომ” გახსნა. ჯარიმა 3 ქულად ირაკლი გეგენავამ აქცია, რომელიც ირაკლი ყიასაშვილის და ლაშა ხმალაძის არყოფნაში მისთვის უჩვეულო 15 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა. მასპინძლებმა მალევე ბევრად უკეთეს პოზიციაში მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ ლელოზე თამაში გადაწყვიტეს და ამან ხეირი არ მოუტანა.

მე-12 წუთზე “ხარებმა” აღარ გარისკა და მჭედლიშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. საპასუხოდ უკვე “ლელომ” ითამაშა ლელოზე და ორჯერ არ დაარტყა ჯარიმა კარში, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.

25-ე წუთზე მჭედლიშვილმა 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით რუსთაველები დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე ცენტრიდან დაჰკრა არეკნი და ანგარიში 9:3 გახადა. ამ დარტყმებს შორის ჯარიმით წონასწორობის აღდგენა გეგენავას შეეძლო, მაგრამ მისი 43 მეტრიდან შესრულებული არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, “ხარების” მცველმა შეცდომა რომ დაუშვა და საკუთარი 22-იდან ხელით სცადა შეტევა, ამას ბურთის დაკარგვა მოჰყვა. მერე მასპინძლები დაჯარიმდნენ, “ლელომ” ბურთი სწრაფად გაათამაშა და ლევან დარასელიამ ლელო გაიტანა, ხოლო გეგენავამ გარდასახვით სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა. შესვენებამდე დარჩენილ მცირე დროში მჭედლიშვილმა და გეგენავამ ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი “ლელომ” 13:12 მოიგო.

“ლელო” პირველ ტაიმში უკანახაზელების სისწრაფეზე აკეთებდა აქცენტს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ მას სივრცეები შეუზღუდა და თბილისელებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხეს. “ხარები” სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და მჭედლიშვილმა 52-ე წუთზე რუსთაველები ჯარიმით დააწინაურა. რამდენიმე წუთით ადრე მას ამავე, გასატანი პოზიციიდან დარტყმა გაუფუჭდა. შეხვედრის მიწურულს “ხარები” მეტოქის ჩათვლის მოედანს მიეძალა, ლელო არ შედგა, მაგრამ მჭედლიშვილმა ჯარიმით სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა და მატჩიც 18:13 დასრულდა.

დასკვნითი ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი არაფრისმომცემი თამაში გაიმართა და ორივეში დიდი ანგარიში დაფიქსირდა. “აიამ” ქუთაისში აუტსაიდერი “ყოჩები” 63:5, ხოლო “არმიამ” ბათუმში მასპინძელთა გუნდი 80:0 გაანადგურა.

P.შ. “მსოფლიო სპორტი” მადლობას უხდის “ხარების” პრესსამსახურს დახმარებისა და სურათების მოწოდებისთვის.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XVIII რაუნდი

6 აპრილი. შაბათი

რუსთავი. ახალი. 250 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი) 18:13 (12:13)

ხარები (სასტარტო შემადგენლობა): 15. უ. მჭედლიშვილი, 14. მ. წიკლაური, 13. რ. ღამბაშიძე, 12. გ. ნათელაშვილი, 11. გ. ბებიაშვილი, 10. გ. ბასილაია, 9. ვ. ხუციშვილი; 1. შ. მაჭარაშვილი, 2. უ. აღაშვილი, 3. ლ. შაშიაშვილი, 4. თ. ბალიაშვილი, 5. ს. ქარუხნიშვილი, 6. ზ. ღამბარაშვილი, 7. ლ. გოგიაშვილი, 8. გ. ქვლივიძე.

5 ჯარიმა: მჭედლიშვილი

1 არეკნი: მჭედლიშვილი

ლელო (სასტარტო შემადგენლობა): 15. ი. გეგენავა, 14. ზ. ზაალიშვილი, 13. ლ. გუგავა, 12. თ. ცერცვაძე, 11. ა. ხეცოიძე, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. გიორგი ჭინჭარაული; 1. ვ. კვერნაძე, 2. დ. ხიდეშელი, 3. დ. ბარბაქაძე, 4. ბ. ნიკოლაიშვილი, 5. ზ. ხორბალაძე, 6. ბ. კოლელიშვილი, 7. ე. სურგულაძე, 8. ლ. დარასელია.

1 ლელო: დარასელია

1 გარდასახვა: გეგენავა

2 ჯარიმა: გეგენავა

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 20:31

თბილისი. “ავჭალა”.

ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 20:5

7 აპრილი. კვირა

ქუთაისი. “დინამო”.

აია (ქუთაისი) - ყოჩები (თბილისი) 63:5

ბათუმი. ანგისა.

ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი) 0:80

1 არმია 18 16 0 2 608-251 75
2 ლელო 18 15 0 3 470-248 70
3 აია 18 13 2 3 555-245 64
4 ჯიქები 18 10 0 8 351-273 47
5 არმაზი 18 10 0 8 341-325 44
6 ლოკომოტივი 18 8 2 8 367-344 42
7 ბათუმი 18 6 0 12 324-444 30
8 ხარები 18 5 0 13 254-393 26
9 აკადემია 18 4 0 14 191-544 18
10 ყოჩები 18 1 0 17 231-625 7

 

შესარჩევი პლეი ოფები. თითო მატჩი

13 აპრილი. თბილისი. 15:30 საათი

ჯიქები (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

14 აპრილი

ქუთაისი. “დინამო”. 15:30 საათი

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

 

ზურაბ მაჩიტიძის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.296116