ფეხბურთი

19:11 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ნეიმარში 105 მილიონს იხდიდა

კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი”, 2013 წლის აპრილში, მაშინ, როდესაც ნეიმარი ჯერ კიდევ “სანტოსის” ფეხბურთელი იყო, ბრაზილიელ ვარსკვლავში 105 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმა იყო.

ცოტა ხნის წინათ, “ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” ერთად, ნეიმარის შეძენის სურვილს არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მზად იყო ბრაზილიელი ფინანსურად მოეხიბლა. ამის შემდეგ, Sport-მა და Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელზეც ნაჩვენებია, რომ “რეალი” ნეიმარის სანაცვლოდ 105 მილიონს ჩამოდიოდა.

თუ გამოქვეყნებული დოკუმენტი ავთენტურია, მაშინ, “რეალი” კომპანია NR Sports-ს, ნეიმარის სატრანსფერო უფლებების ნაწილის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობდა. ეს თანხა 4 ნაწილად უნდა გადახდილიყო. გარდა ამისა, “რეალი” მზად იყო, “ბარსელონასთან” არსებული შეთანხმების დარღვევის სანაცვლოდ, ნეიმარის სატრანსფერო უფლებების მქონე პირთათვის 25 მილიონი გადაეხადა. ამას ემატება “სანტოსისთვის” გადასახდელი 20 მილიონი, რომელიც ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო.

ხსენებული 105 მილიონის გარდა, “რეალს” ნეიმარის კონტრაქტისთვისაც დიდი თანხა ჰქონდა გათვალისწინებული. გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მადრიდელების მინიმალური მოთხოვნა 6-წლიანი კონტრაქტი იყო. ამ დროის განმავლობაში, მადრიდელები ბრაზილიელს 60 მილიონს (10 მილიონი წელიწადში) გადაუხდიდნენ. ხოლო თუ “იდეალური ვარიანტის”, ანუ 8-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მოხდებოდა, ნეიმარი წლიურად 12 მილიონს მიიღებდა, რაც საერთო ჯამში 96 მილიონს უდრის. ამას ემატებოდა ბონუსები ესპანეთის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და ქვეყნის თასის მოგებისთვის.

ხსენებული პირობების გარდა, “რეალის” შეთავაზება ნეიმარის საიმიჯო უფლებების 30%-ის კლუბისთვის გადაცემას ითვალისწინებდა. დანარჩენი 70% ფეხბურთელს რჩებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119841