ლევანდოვსკის და მხითარიანის არ იყოს, ამ ზაფხულს “ლივერპულის” ურუგვაელ ლუის სუარესზეც ლამის ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ყველაზე ცხელ-ცხელი ამბავი ოთხშაბათის Sun-ში ეწერა. გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, მერსისაიდელებს თავდამსხმელში 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც იმავე სუარესში “არსენალმა” “ლივერპულს” 30 მილიონი შესთავაზა. სუარესის აგენტი პერე გვარდიოლა (პეპში არ შეგვეშალოს – ს. გ.) ლივერპულელთა დამრიგებელ ბრენდან როჯერსს და მმართველ დირექტორ იან ეირს შეხვედრია. აუხსნია, რომ სუარესს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს. თავად სუარესი ახლა კონფედერაციათა თასის გათამაშების შემდეგ ისვენებს და ამბობს, რომ რამდენიმე ვარიანტი აქვს. 21 ივლისს კლუბის ოფისში დაბრუდება და ყველაფერი შემდეგ გაირკვევა. კითხვაზე “ჩელსიში” ხომ არ აპირებთ გადასვლასო, პასუხებს: “ჩელსიზე” ჩემი მეგობრებიც მეკითხებიან, თუმცა ამაზე მხოლოდ სიცილი შემიძლია”.