მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ ილკაი გუნდოგანის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.
23 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა, რის შემდეგაც ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო დიდი ხნით ლაზარეთში მოხვდა. ვარაუდობდნენ, რომ გუნდოგანი ექვს კვირაში გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ მისი მკურნალობა აგერ უკვე 135 დღეა გრძელდება.
Marca-ს ცნობით, გასულ ზაფხულს “რეალმა” “დორტმუნდთან” გუნდოგანის ტრანსფერი შეათანხმა და გარიგება იანვარში ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ახლა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა ილკაის შეძენაზე უარის თქმას სერიოზულად ფიქრობს.
ამის მიზეზი სწორედ ფეხბურთელის სერიოზული ტრავმაა. უახლოეს პერიოდში “რეალი” მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მის შეძენასთან დაკავშირებით.