ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას ტურინის "იუვენტუსში" განაგრძობს. ესპანური და იტალიური მხარეების ხანგრძლივი მოლაპარაკება "რეალის" სასარგებლოდ დასრულდა. "სამეფო კლუბი” საბოლოოდ მოთხოვნილ თანხას - 22 მილიონ ევროს მიიღებს.
თავად ესპანელი ფეხბურთელი მოხარულია შეთანხმების მიღწევით და ახალ კლუბში იღბლის გამოცდა სურს: "ახალი გამოწვევით ძალიან ბედნიერი ვარ" - ციტირებს მორატას სიტყვებს ესპანური "მარკა".
21 წლის ფეხბურთელი ტურინელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირაშივე გაივლის. იტალიაში იმედოვნებენ, რომ მორატა ორშაბათს, "იუვენტუსის" მიერ გამართულ პირველ ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს.
გიორგი ბალახაძე