ფეხბურთი

10:58 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაული "რეალის" სპორტული დირექტორი გახდება

მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი და კაპიტანი რაული, უახლოეს მომავალში მადრიდში დაბრუნდება და შესაძლოა, სამეფო კლუბის სპორტული დირექტორი გახდეს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდელებმა ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს აღნიშნული თანანმდებობა უკვე შესთავაზეს და შეთანხმებას, უახლოეს თვეებში მიაღწევენ. 37 წლის რაული "რეალის" აწ უკვე ყოფილ სპორტულ დირექტორს მიგელ პარდესს შეცვლის, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაუმთავრდა.

თავიდან ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ რაული "რეალში" კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობა შესთავაზეს.

რაულ გონსალეს ბლანკო მადრიდის "რეალში" 1994-დან 2010 წლამდე თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში 741 მატჩი ჩაატარა და 323 გოლი გაიტანა. 37 წლის თავდამსხმელმა კარიერა მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა. ესპანელის ბოლო კლუბი ყატარული "ალ-სადი" გახლდათ.

გიორგი ბალახაძე

0.131057