ფეხბურთი

16:32 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რას წარმოადგენს მალტის ჩემპიონატი?

 

მალტა – კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც ტურისტების სიმრავლეს არ უჩივის. კლიმატი, ცხოვრების მაღალი დონე, სიმშვიდე: ეს ყველაფერი მშვენიერია, როცა ფეხბურთელი კარიერას ასრულებს, მაგრამ ამჯერად საუბარია ორ ისეთ ქართველ მოთამაშეზე, რომლებსაც ოქროს წლები აქვთ: ნუკრი რევიშვილი 26 წლისაა, ირაკლი მაისურაძე კი 25-ის.

რევიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეა. “ჯვაროსნებში” უთამაშია მაისურაძესაც, ეგაა, ნაკრების ფეხბურთელს უკვე ვერ დავარქმევთ. ისინი “ვალეტაში” ითამაშებენ, რომელიც ქვეყნის 21-გზის ჩემპიონია და ამჟამად მეორე ადგილზეა ჩემპიონატში: 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბირკირკარას”.

ბოლო ორი წლის განმავლობაში “ვალეტაში” თამაშობდა და გასულ ზაფხულს ავსტრალიურ “მელბურნ ჰარტში” წავიდა მაიკლ მიფსუდი... შეიძლება ითქვას, ერთადერთი ასე თუ ისე ცნობილი მალტელი ფეხბურთელი. კიდევ, ადრე ჰყავდათ ფორვარდი კარმელ ბუზუტილი, რომელიც ბელგიურ “გენკში” ბომბარდირი გახლდათ. მიფსუდი არასასიამოვნოდ გვახსოვს: 2009 წელს საქართველოს ნაკრებთან 2:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში, დუბლი შეასრულა და ერთი გოლი შესარჩევშიც გაუტანა ქართველებს: 2011 წელს, როცა მატჩი 1:1 დასრულდა. მაშინ კარში სწორედ რევიშვილი იდგა.

მალტელებთან კიდევ ერთ სანაკრებო მატჩს გავიხსენებთ, რომელიც შინ 1:0 მოვიგეთ. ეს იმავე შესარჩევში, თბილისში, როცა დავით სირაძემ ბოლო წუთზე თავით გაიტანა გოლი. ბევრს ემახსოვრება, 0:0-ზე, ბოლო წუთებში რევიშვილმა მკვდარი ბურთი აიღო – ერთი-ერთზე გასული მალტელი გაამწარა.

სხვა დროსაც გვითამაშია მალტელებთან, მათ შორის, იქ ჩატარებულ ოთხთა ტურნირზეც.  თუმცა ბოლო წლებში ეს სამი შეხვედრა იყო. აი, საკლუბო დონეზე კი, როგორ არ გაგახსენდება კაცს ზესტაფონის “მარგვეთი”-“სლიემა უონდერერესის” დაპირისპირება 1996 წელს. იმერლებმა გასვლაზე 3:1 მოიგეს და შინ 0:3 წაგება მოახერხეს. ან კიდევ, თბილისის “ლოკომოტივის” გავარდნა “ბირკირკარასთან”: სტუმრად 0:0, შინ კი 1:1.

სხვა მხრივ კი, მალტის საკლუბო ფეხბურთი სანაკრებოს შესაბამისია – დაბალი საშემსრულებლო დონის. კლუბებში მრავლად არიან ლეგიონერები, განსაკუთრებით სჭარბობენ ბრაზილიელები, მეორეზე კი ნიგერიელები არიან.

მალტის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 კლუბია. “ვალეტა” ქვეყნის საუკეთესო სტადიონზე, “ტა ქალიზე” თამაშობს, რომელიც 18000 მაყურებელს იტევს. ისტორიაში, “ვალეტას” სულ სამჯერ გაუვლია ევროტურნირებზე ეტაპი – ორჯერ ანდორის კლუბი გამოთიშა, ერთხელ კი ისლანდიისა. მალტის ჩემპიონატი ევროპაში 45-ე პოზიციაზეა უეფას კოეფიციენტების მიხედვით.

მალტის ჩემპიონატში ერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, ოღონდ 10 წლის წინ. ეს გახლდათ თავდამსხმელი გრიგოლ გვაზავა და წარმატებულიც გახლდათ კლუბ “ფლორიანაში”.

ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, ვისაც კი ოდესმე მალტაზე უთამაშია, ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი, ხორდი კრუიფია: სწორედ “ვალეტაში” იყო 2009-2010 წლების სეზონში, როცა უკვე 36 წლისა გახლდათ. “მფრინავი ჰოლანდიელის” ვაჟმა იქვე დაასრულა კარიერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114114