მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერმა რაფაელ ნადალმა ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიდინარე საჩოგბურთო ტურნირი მოიგო. ფინალურ მატჩში მან ორ სეტში დაამარცხა ვეტერანი არგენტინელი ჩოგბურთელი დავიდ ნალბანდიანი 6:2, 6:3.
შეხვედრა 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რაფაელმა ხუთჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება, საკუთარ ჩაწოდება კი ორჯერ დათმო. ესპანელის ანგარიშზე 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო ნალბანდიანმა 3 ეისის წილ 4 ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 5:2 გახდა ნადალის სასარგებლოდ.
დღევანდელი ტიტული 26 წლის ესპანელისათვის რიგით 51-ე აღმოჩნდა. მან 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად საკუთარი ბიუჯეტი 82300 ამერიკული დოლარითაც შეავსო.