საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელმა ტრიუმფატორმა რაფა ნადალმა დღევანდელ მეოთხეფინალში გასული გათამაშების გადამწყვეტი მატჩის მოწინააღმდეგე თანამემამულე დავიდ ფერერს 4:6, 6:4, 6:0, 6:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. მატჩი 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა.
ამასობაში მსოფლიოს ექსპირველმა ამერიკელმა ჩოგანმა ჯონ მაკინროიმ საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვა “როლან გაროსის” წლევანდელ გამარჯვებულთან დაკავშირებით: “ნადალი საუკეთესო გრუნტის მოთამაშეა, ჯოკოვიჩი კი უძლიერესია იმათ შორის, რომელთაც საფრანგეთის ღია პირველობაზე არ უმარჯვიათ. დარწმუნებული ვარ, ფინალში ერთმანეთს სწორედ ნადალი და ჯოკოვიჩი შეხვდებიან. სხვა ფინალი სენსაცია იქნებოდა, მე კი სენსაციების არ მჯერა”.