პლანეტის პირველ-მეორე ჩოგნები რაფა ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი სამხრეთ ამერიკაში იმყოფებიან, სადაც რამდენიმე საჩვენებელ მატჩს ჩაატარებენ და ერთმანეთსაც შეხვდებიან. ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, ნადალი ამ მატჩებში მონაწილეობისთვის 8 მილიონ დოლარს დაიმსახურებს.
რაფამ პირველი მატჩი პერუს დედაქალაქ ლიმაში თანამემემულე, რეიტინგსიის მესამე ნომერ დავიდ ფერერთან ჩაატარა, შემდეგ ჩილეში გადაინაცვლებს და სანტიაგოში ნოვაკ ჯოკოვიჩთან იპაექრებს. ეს შეხვედრა ჩოგბურთიდან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნიკოლას მასუს საზეიმო გაცილებას მიეძღვნება. მალიორკელი დასკვნით 2 მატჩს ბეუნოს აირესში ჩაატარებს, სადაც ჯერ დავიდ ნალბანდიანს დაუპირისპირდება, შემეგ კი კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალას ჯოკოვიჩთან.
“სამხრეთამერიკული ტურნე ჩემთვის დაუვიწყარია. ესპანურად მოსაუბრე ქვეყნებში ჩასვლისას თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობ. იმედია, ამ კონტინენტზე ყოველწლიურად მოვახერხებ ჩამოსვლას. შარშან აქ გამოსვლამ მთელი სეზონის ენერგიით და იმპულსით დამმუხტა”, - განაცხადა რაფამ და კომენტარი დევისის თასის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებითაც გააკეთა: “დევისის თასის ჩატარების რეგლამენტი იდეალურიდან შორსაა. რადგანაც წამყვანი მოთამაშეები მონაწილეობას უარობენ, რაღაც შესაცვლელია და ITF-ს ამაზე დაფიქრება მართებს”.
ნოვაკ ჯოკოვიჩს რაც შეეხება, სამხრეთ ამერიკაში იგი ვიქტორ ტროიცკისთან ერთად ჩაფრინდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მეგობრის დისკვალიფიკაციათან დაკავშირებით ანტისადოპინგო კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.