ჩოგბურთი

9:25 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ მეცამეტე სადიდსლემო ტურნირი მოიგო

ნოვაკმა მოგებას არ ვიმსახურებდიო

 რაფა ნადალს მართლაც განსაკუთრებული სეზონი აქვს. წლეულს 27 წლის მალიორკელმა 13 ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 12 შეჯიბრების ფინალში ითამაშა. დღეს დილით კი ნადალმა აშშ-ის ღია პირველობის ფინალში რეიტინგსიის ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:2, 3:6, 6:4, 6:1 მოუგო, კარიერის განმავლობაში მეორედ მოიგო ნიუ იორკის ასპარეზობა, სადიდსლემო ტურნირში კი მეცამეტედ იმარჯვა. ამასთან, მიმდინარე სეზონში რაფამ ჰარდსაფარიან კორტზე 22-ივე ჩატარებული მატჩი მოიგო.

ჯოკოვიჩ-ნადალის ფინალი 3 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ კი რაფამ ბედნიერების ცრემლი ვერ შეიკავა. სერბთან ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ნადალი ჯოკოვიჩს 22:15-ს ამარცხებს.

“მეტად ემოციური ფინალი გამოვიდა. მხოლოდ ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა იციან, რას ნიშნავს ჩემთვის ეს გამარჯვება. ნოვაკის წინააღმდეგ ჩატარებული ნებისმიერი მატჩი განსაკუთრებულია. ჯოკოვიჩის მსგავსად ვერავინ მაიძულებს ასე ბოლომდე დავიხარჯო შეხვედრის მსვლელობისას”, - ამგვარი სახელდახელო რეზიუმე გაუკეთა გახარებულმა ნადალმა გადამწყვეტ მატჩს.

“ნადალი პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდა, დროულად გამოდიოდა ბადესთან. გარდატეხის შესაძლებლობები მქონდა, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენე. გულახდილად უნდა ვაღიარო – მოგებას არ ვიმსახურებდი”, - ბალკანელი ნაფინალევს სევდამორეული საუბრობდა.

0.115085