ფეხბურთი

12:47 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ვარანი: “მესის განიარაღება კოლექტიური მეთოდით შევძელით”

19 წლის ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალის“ სრულუფლებიან წევრად ყალიბდება. მან წარმატებით ითამაშა „სამეფო კლუბის“ ბოლოდროინდელ პრინციპულ შეხვედრებში, ფრანგული ტელეარხის Telefoot-ის ჟურნალისტებთან საუბრისას კი დაადასტურა, რომ სანაკრებო დონეზეც კარგ ასპარეზობას აპირებს.

 

- წარმატებას ახალგაზრდულ ასაკში მიაღწიეთ. გაგვინდეთ საიდუმლო, როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება ისეთ გრანდში გამოსვლისას, როგორიც მადრიდის “რეალია”?

- ყოველთვის ვცდილობ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო, ეს კი ნებისმიერ სიტუაციაში წონასწორობის შენარჩუნების გარეშე არ გამოვა. ჩემი საფეხბურთო კარიერა მართლაც შთამბეჭდავად დაიწყო, ვაპირებ ასეთივე დონეზე ასპარეზობის გაგრძელებას და დიდი ხნის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშს.

- როდესაც 18 წლის ასაკში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” თქვენი ლეგენდარული თანამემამულის ზინედინ ზიდანის რეკომენდაციით მიგიყვანათ, ჟოზე მოურინიო დაგპირდათ, რომ იჯარით არ გაგანათხოვრებდათ და თავის გამოჩენის შანსს მოგცემდათ. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სიტყვა შეასრულა...

- როდესაც მწვრთნელი საკუთარ პირობას ასრულებს, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან, მოურინიო ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო ვარიანტს არჩევს და ზედმიწევნად ზუსტად იცის, როდის დამაყენოს ძირითად შემადგენლობაში.

- გამოდის, მთავარი მწვრთნელით კმაყოფილი ხართ...

- ცხადია, ასეა. სეუ ჟოზე ყოველთვის საუკეთესო პირობას მიქმნის. იგი ცდილობს, ვარჯიშის და თამაშის დროს, გვერდით ყოველთვის გამოცდილი ფეხბურთელი მედგას და დახმარების ხელს მიწვდიდეს. ისინი საჭირო და დროულ რჩევას მაძლევენ. “რეალის” მოთამაშეების გვერდიგვერდ ყოფნა უდიდესი საფეხბურთო სკოლაა. მოურინიო კი ფსიქოლოგიურადაც კარგად მამზადებს. როდესაც იგი ჩემ ძირითად შემადგენლობაში დაყენებას აპირებს, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გვერდით გამიხმობს და მიხსნის, როგორ უნდა ვითამაშო “რეალის” შესაფერის დონეზე.

- იქნებ გაგვიმხილოთ, რას გესაუბრებათ ჟოზე მოურინიო?

- პორტუგალიელი უპირველესად მამშვიდებს, მამხნევებს და საკუთარი საფეხბურთო შესაძლებლობებისადმი რწმენას მინერგავს. ვერ წარმოიდგინდეთ, როგორ მეხმარება მოურინიოს დარიგებები მინდორზე გასვლის წინ.

- მაინც რით გამოირჩევა მოურინიო სხვა დამრიგებელთაგან?

- ზემოთაც მოგახსენეთ, რომ სეუ ჟოზე სიტყვის კაცია. იგი საკუთარ თავში ყოველთვისაა დარწმუნებული და მისი წინასამატჩი სიმშვიდე ფეხბურთელებსაც გადაგვედება ხოლმე.

- მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები მანამდეც გაფასებდნენ, თუმცა, თქვენ მიმართ სიმპათია მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის მიწურულს კატალონურ “ბარსელონასთან” გოლი გაიტანეთ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. ამგვარ პრინციპულ შეხვედრებში არ ნერვიულობთ?

- მიუხედავად ასაკისა, არც „ელ კლასიკოში“ და არც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მინდორზე გასვლისას შიშის ოდნავი გრძნობაც კი არ მეუფლება. მე ხომ მადრიდის „რეალის“ სრულუფლებიანი წევრი ვარ და უკვე ეს მომენტი გამორიცხავს ყოველგვარ წინასამატჩო ძრწოლას ნებისმიერი მოწინააღმდეგის პირისპირ დადგომისას.

- არც ლეო მესის წინააღმდეგ ასპარეზობისას ნერვიულობთ?

- „რეალი“ არგენტინელის განეიტრალებას რომელიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური მონაცემებით არ ცდილობს, ბოლო „ელ კლასიკოებში“ მესის განიარაღება კოლექტიური მეთოდით შევძელით.

- დიდი ალბათობით დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში გიხმობთ და 22 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებთ. 26 მარტს კი „სამფეროვნებს“ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან აქვთ სათამაშო...

- საფრანგეთის ნაკრებში ჩემი გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი მიიღებს, მე კი არაფერს დავიშურებ საიმისოდ, ეროვნული გუნდის წევრი რომ გავხდე. ისე, ნაკრებში ადრე ორჯერ ვიყავი გამოძახებული, მაგრამ დებიუტი არ შედგა. პირველად დეშამმა ჩემი თამაში მიზანშეუწონლად ჩათვალა, თებერვალში, გერმანიასთან შეხვედრის წინ კი ბოლო მომენტში ტრავმა მივიღე და ამის გამო ვერ ვიასპარეზე.

- ავტორიტეტული და პოპულარული გამოცემა „მარკას“ ერთ-ერთ ნომერში Don Limpio-ოდ („სენიორ სუფთა თამაში“) მოგნათლეს...

-  მე მომწონს ეს ტიტული და მოხარული ვარ, რომ მომანიჭეს. მცველისთვის ამგვარი აღიარება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად იშვიათად დავჯარიმდე და მოწინააღმდეგეს ბურთი „სუფთად“ ავართვა.

0.109626