ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში დასრულებული საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრავმის პერიოდში მისთვის მისაბაძი პიროვნება რონალდო გახლდათ, რადგან ბრაზილიელი ფეხბურთელი, მიუხედავად მუხლების სერიოზული პრობლემებისა, მაინც დაბრუნდა დიდ სპორტში და განაგრძო სახელოვანი კარიერა.
"რონალდო უამრავი სპორტსმენისთვის და გულშემატკივრისთვის მისაბაძი პიროვნებაა, რადგან მან მიუხედავად არაერთი პრობლემისა, მაინც უდიდეს წარმატებას მიაღწია. მუხლის ტრავმის შემდეგ მან მოახერხა დიდ სპორტში დაბრუნება და კიდევ არაერთი თავბრუდამხვევი წარმატების მოპოვება. ჩემთვის იგი უდიდესი შრომისმოყვარეობის და მიზანდასახულობის ნათელი მაგალითი გახლავთ. მუხლის ტრავმის პერიოდში ვცდილობდი, სწორედ მისთვის მიმებაძა, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრაზილიელივით მძიმე ტრავმა არ მქონია მოსარჩენი. ამჟამად მცირე ტკივილებს ისევ განვიცდი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში მწყობრში ჩადგება და კვლავ სასურველ სათამაშო რიტმში ჩავჯდები", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს worldtennis.com.
გიორგი ბარბაქაძე