დიდხნიანი პაუზის შემდეგ კორტზე დაბრუნებულმა რაფა ნადალმა მიჯრით 2 ტურნირი მოიგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავად მალიორკელმა აკაპულკოს შეჯიბრების ფინალში ითამაშა, როდესაც დამაჯერებლად სძლია რეიტინგსიის მეოთხე ნომერ დავიდ ფერერს. ნადალმა ნიუ იორკის საგამოფენო მატჩის წინ მოკლე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და მათთან საუბრისას დაადასტურა, რომ მომავალს იმედიანად უმზერს.
- უპირველესად ინდიან უელსის მასტერსზე გკითხავთ. ამ ტურნირზე გამოსვლას ორჭოფობდით და მხოლოდ მოგვიანებით დაასტურა თქვენმა სამწვრთნელო შტაბმა, რომ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებდით...
- მომავალი ასპარეზობის წინ მშვიდად ვარ. მართალია, ჩემი მუხლი 100 პროცენტით მზად არაა, მაგრამ ექიმთა ნებისმიერ მითითებას განუხრელად ზუსტად ვასრულებ და დასტაქრები მარწმუნებენ, რომ რაიმე სახის გართულებას არ უნდა ველოდე. უსიამოვნო მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ, იმედია, გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება.
- ელოდით აკაპულკოში ესოდენ მაღალი კლასის თამაშ რომ უჩვენებდით მაყურებელს?
- პირდაპირ გეტყვით – არა. ცხადია, თამაშისთვის და კორტზე ასპარეზობისგან სიამოვნების მისაღებად მზად ვარ, მაგრამ ამდენხნიანი უთამაშებლობა უკვალოდ ხომ არ ჩაივლიდა. ფინალში მართლაც კარგად გამოვედი. ამგვარი მატჩები საიმისო რწმენას მიმატებს, რომ მალე ისევე ავთამაშდები, როგორც საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელ ტურნირზე.
- აკაპულკოს შეჯიბრების გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს რეიტინგსიის მეოთხე ნომერს დამაჯერებლად მოუგეთ. როგორ გგონიათ, უახლოეს პერიოდში მოწინავე სამეულის ჩოგბურთელებთანაც წარმატების რეალური შანსი გაქვთ?
- დავიდ ფერერი სადღეისოდ რეიტინგის მეოთხე ნომერია და პირველ სამეულს დიდად არ ჩამოუვარდება, თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ სადღეისოდ ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერისა და ენდი მარეის ძლევა ძალიან გამიჭირდება.