კალათბურთი

22:34 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რა უნდა მოხდეს, რომ მივხვდეთ? საქმე ცუდადაა

სამწუხარო მოლოდინი გამართლდა. უნგრეთსა და პორტუგალიაში სუსტი თამაშის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სათანადო წინააღმდეგობა ჩეხეთსაც ვერ გაუწია და საშუალო ევროპულ ნაკრებთან 67:86 განადგურდა.

უკვე ცხადია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ის გუნდი აღარ არის, რომელმაც გასულ ევროპირველობაზე სლოვენიას და ხორვატიას გმირული წინააღმდეგობა გაუწია და მოგებამდე ცოტა დააკლდა. ნაკრები ინერციით, გამოცდილი მოთამაშეების ხარჯზე უსუსტეს მეტოქეებს ჯერაც უმკლავდება, ოდნავ ძლიერებთან კი, მითუმეტეს, გასვლაზე, ძალიან უჭირს.

გაუგებარია ისიც, რის დანერგვას ცდილობს გუნდში მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გუნდს ერთადერთი კომბინაცია აქვს (ან კი, კომბინაცია მას როგორ ვუწოდოთ) – ბურთი ზაზა ფაჩულიას ან თორნიკე შენგელიას მიუვიდეს და მათ ლამის პერიმეტრიდან ჯაჯგურ-ჯაჯგურ ფარქვეშ შესვლა მოახერხონ. გასაკვირი არაა, რომ ამ ქმედებას ხშირად გარბენი ან ბურთის დაკარგვა მოჰყვება...

ძველი ამბავია, რომ გუნდში არაა სამქულიანების სტაბილური მსროლელი. მანუჩარ მარკოიშვილის და რიკი ჰიკმანის არყოფნაში, ჩვენი პერიმეტრი საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს. ახლაც, გუნდმა მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდო, ჩეხეთმა კი, რასაკვირველია, გაცილებით მეტჯერ, კონკრეტულად კი, 9-ჯერ იხეირა.

ნაკრების კალათბურთელები ფაქტობრივად არ უტევენ საშუალო დისტანციიდან, შედეგად, საქართველოს ნაკრების იერიშების გაშიფვრა სირთულეს არ წარმოადგენს.

იმის გამო, ჩვენები ჯიუტად ფარქვეშ შეღწევას რომ ცდილობენ, ცხადია, მეტოქეები ხშირად ჯარიმდებიან, მაგრამ რად გინდა? პორტუგალიური კატასტროფის კვალად (17 აცილებული საჯარიმო), სიტუაცია არც ნიმბურკში გამოსწორებულა. სტუმრებმა 31-დან 23 ჯარიმა ჩააგდეს (ჩეხებმა 14-დან 11 ტყორცნა მიითვალეს) ანუ 8 ქულა ხაზზე დატოვეს, ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მერამდენე თამაშია, ქართველები 2-დან 1 ჯარიმას აუცილებლად რგოლის წინა ნაწილს არტყამენ...

ცალკე საკითხია ნაკრების დაკომპლექტების საკითხი. გასაგებია, რომ მნიშვნელოვან მატჩებში გუნდის ლიდერები მეტად უნდა დაიტვირთონ. მეტში საყოველთაო გაგებით, 30, მაქსიმუმ 35 წუთი იგულისხმება, მაგრამ – 40? გიორგი ცინცაძემ, რომელსაც წინა მატჩებშიც დიდი ჯაფა დაადგა, შეუცვლელად იასპარეზა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ თამაშიდან 7-დან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა.

ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ გაკვირვება ნაკრების წევრთა იმ განცხადებების გამო, როდესაც ისინი ნატურალიზებული მოთამაშის საჭიროებას უარყოფდნენ. რად გვინდა ამერიკელი, არ სჯობს, ქართველმა მიიღოს გამოცდილებაო? და სად უნდა მიიღოს გამოცდილება იგივე ოთარ ფხაკაძემ, რომელიც წესით ცინცაძის შემცვლელი უნდა ყოფილიყო? სათადაროგოთა სკამზე? გამოდის, რომ კოკოშკოვი სათადარიგო მოთამაშეებს არ ენდობა და ისინი, უბრალოდ განაცხადის შესავსებად ჰყავს. აქ კიდევ ერთი პრობლემა დგება. მერამდენე წელია, სერბი სპეციალისტი საქართველოს ჩემპიონატის არცერთ თამაშს არ დასწრებია. არადა, ეგებ საკუთარი თვალით მაინც შეამჩნიოს 1-2 ისეთი კალათბურთელი, რომელთა 1-2 წუთით მოედანზე შესვლა გუნდს არ დაღუპავს...

თითქოს ამდენი დავწერეთ, არადა, ნაკრების პრობლემების სრული ჩამონათვალი არც ზემოაღნიშნულია. გამორიცხული არაა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან მაინც გააღწიოს, მაგრამ ეს გუნდის კარგი თამაშის შედეგი იქნება? არა გვგონია. ნაკრებში ძირეული ცვლილებებია საჭირო და იქნებ, ამ ოქროს თაობისგან მაქსიმუმი იქნას გამოწურული, აი, შემდეგ კი, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების კატასტროფული შედეგების გათვალისწინებით, იქნებ ესოდენ პრეტენზიული საუბრისთვის ხალისიც აღარ გვქონდეს.

 

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. E ჯგუფი. ნიმბურკი (ჩეხეთი). 1 500 მაყურებელი

ჩეხეთი – საქართველო 86:67 (18:13, 21:17, 19:20, 28:17)

ჩეხეთი: აუდა (22 წ. 12 ქ. 4 პ.), პუმპრლა (36 წ. 15 ქ. 4 მ.), ჰრუბანი (13 წ. 6 ქ.), სატორანსკი (36 წ. 16 ქ. 6 მ. 6 პ. 4 ჩ.), ველში (29 წ. 13 ქ. 4 მ. 3 პ.), ბარტონი (16 წ. 2 ქ. 3 მ.), ბალვინი (28 წ. 4 ქ. 7 მ.), სირინა (7 წ. 5 ქ.), ჰოუსკა (16 წ. 13 ქ.).

მწვრთნელი: რონენ გინზბურგი.

საქართველო: ფაჩულია (30 წ. 10 ქ. 7 მ.), ცინცაძე (40 წ. 9 ქ. 3 მ. 4 პ.), სანაძე (4 წ.), ფაცაცია (27 ქ. 7 ქ.), სანიკიძე (36 წ. 17 ქ. 4 მ.), ბურჯანაძე (15 წ. 5 ქ. 4 მ.), შარაბიძე (6 წ. 4 ქ.), შენგელია (28 წ. 17 ქ. 4 მ.), ლეჟავა (13 წ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

 

უნგრეთი – პორტუგალია 65:52 (16:15, 14:17, 23:10, 12:10)

ჩეხეთი 4 3/1 303/256
უნგრეთი 4 3/1 260/229
საქართველო 4 2/2 304/312
პორტუგალია 4 0/4 233/303

 

24 აგვისტო

პორტუგალია - ჩეხეთი

საქართველო - უნგრეთი

 

27 აგვისტო

უნგრეთი - ჩეხეთი

საქართველო - პორტუგალია

0.120351