საქართველოს 2013 წლის თასის გათამაშება ინდორ(დარბაზის) ჰოკეიში როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა გუნდებს შორის ტურნირის მასპინძლების - ქუთაისელი ჰოკეისტების გამარჯვებით დასრულდა. წლევანდელი ქვეყნის ჩემპიონატის ტრიუმფატორებმა მეტოქეებს აღარც ეს საპატიო ჯილდო დაუთმეს.
ვაჟთა გუნდების ფინალში ერთმანეთს „ქუთაისი“ და აჭარის ნაკრები დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს დაწინაურება - სოსო კუხიანიძემ ზედიზედ 2-ჯერ დალაშქრა აჭარელთა კარი. მე-2 ნახევარში ქუთაისელთა უპირატესობა უფრო შესამჩნევი იყო. კუხიანიძემ 2 გოლიც მიითვალა, მერე კი დავით ტოფაძემ და გიორგი ჯიმშელეიშვილმა გამოიჩინეს თავი. ზღვისპირელებს მათი საუკეთესო მოთამაშის ანრი ქობულაძის „დუბლმა“ ვერ უშველა და საბოლოოდ „ქუთაისმა“(მწვრთნელები დავით მოდებაძე, ხვიჩა ჯავახაძე) 6:2 მოიგო.
მეტად დაძაბული გამოდგა ქალთა გუნდების გადამწყვეტი შეხვედრა. აბაშელმა გოგონებმა ტოლი არ დაუდეს გამოცდილ ქუთაისელებს, თუმც მაინც დამარცხდნენ - 3:4. ქუთაისის გუნდიდან(მწვრთნელი- ავთანდილ თევდორაძე, მოთამაშე მწვრთნელი- ბელა ბასილაძე) ბელა ბასილაძემ(2), თამუნა სუპატაშვილმა და მარი ზირაქაძემ გაიტანეს, აბაშელთაგან მეტოქის კარი მარი ჯანელიძემ, სოფო ქორჩილავამ და ნინო თოფურიამ აიღეს.
საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეს სამსახური