ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი გუნდების დაპირისპირებამ, მოლოდინზე მეტი სანახაობა და ინტერესი შეიძინა. ზუგდიდელებს, წინა ტურში გორში, რიცხობრივ უმცირესობაში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი ქულა აგულიანებდათ და დღევანდელი მატჩში, მასპინძელთა გამარჯვებაც თითქოს გარდაუვალი ჩანდა. პირველ ნახევარში გუნდები მაინც ფრთხილობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებიც ვიხილეთ და გატანილი გოლიც. 10-ე წუთზე ფარჯიკიამ სახიფათოდ დაარტყა სტანდარტულიდან, თუმცა ცხინვალელთა მეკარე ადგილზე დახვდა ბურთს. ერთ წუთში სტუმართა კიპერმა სოსლან ნანიევმა საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როცა როინ ონიანის უძლიერასად დარტყმული ბურთი, აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. მე-20 წუთზე კი ზუგდიდელი ქომაგები მთავარ არბიტრს შემოსწყრნენ, როცა სტუმრებმა მათსავე საჯარიმოში შეჭრილი ირაკლი ეხვაია წააქციეს. მასპინძლები პენალტზე მიანიშნებდნენ, მაგრამ დავით ხარიტონაშვილმა თამაშის გაგრძელება მოითხოვა. ამასობაში სტუმრებმაც იწყეს წინა ფლანგზე გადასვლა, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში მაინც კონტრშეტევაზე იყვნენ ორიენტირებული. პირველი არც თუ ძლიერი დარტყმა თორნიკე თუხარელმა განახორციელა, თუმცა უზუსტოდ, ხოლო შემდეგ ცხინვალელებმა ზვიად მეტრეველი ზუგდიდელთა მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ მამალაძემ „სპარტაკის“ ფორვარდს დაასწრო. მეტრეველმა ანგარიში შეხვედრის 41-ე წუთზე გახსნა. ექსზუგდიდელმა ნიკა კვეკვესკირმა სტანდარტულიდან ისე სახიფათოდ ჩაახვია ბურთი, რომ სტუმართა შემტევმა თავური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველ ტაიმში ასეთ ფინიშს, განსაკუთრებით მასპინძლები არ ელოდნენ, თუმცა შიდაქართლელებმა ეს უპირატესობა შეინარჩუნეს.
მეორე ტაიმი როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ქომაგებმა სრულიად განსხვავებული ტაიმი იხილეს. სწრაფ, გააზრებულ თამაშთან ერთად, მასპინძლებმა მეორე ნახევარში სტუმრებს ერთგვარი შტურმის მაგვარიც კი მოუწყვეს. ზუგდიდელებმა პირველივე წუთებზე, ზედიზედ სამჯერ მოიპოვეს კუთხურის მოწოდების უფლება. პირველ ჯერზე ეხვაიას სახიფათო თავურს, ნანიევმა ზუსტი თამაშით უპასუხა, ხოლო შემდეგ მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. ცოტა ხანში ეხვაიამ, ზუგდიდელთა მორიგი შეტევა ისევ სახიფათო თავურით დაასრულა, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა ნანიევის კარს. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართაგან ერთ-ერთი გამორჩეული, სწორედ „სპარტაკის“ კარის დარაჯი სოსლან ნანიევი იყო, რომელმაც არაერთი სახიფათო მომენტი გააუვნებელყო. 65-ე წუთზე ტრიბუნები ისევ ახმაურდა, როცა გუგუჩიას მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, სტუმართა ერთ-ერთმა მცველმა უხერხულად მოიგერია და მასპინძლებმა ხელით თამაშზე ანიშნეს ისევ არბიტრს, მაგრამ მსაჯი ამ ეპიზოდშიც შეუვალი აღმოჩნდა და კვლავ თამაშის გაგრძელება ბრძანა. 70-ე წუთზე კი ზუგდიდელთა მორიგი კუთხური, ძლიერი თავური დარტყმით ნიკა აფაქიძემ დააგვირგვინა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ნანიევმა ბოლო წამებზე საოცარი რეაგირების ფონზე ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა. თამაშში კარგად ჩაერთვნენ შეცვლებზე შემოსული ლევან წურწუმია და შოთა ლომია, რომლებმაც ორივე ფლანგიდან გაამწვავეს მასპინძელთა შეტევები. 74-ე წუთზე ზუგდიდელებმა წონასწორობა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან აღადგინეს, როცა ეხვაიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, გუგუჩიამ ზუსტი დარტყმით გოლად აქცია. ამ შემთხვევაში პენალტი სტუმრებმა გააპროტესტეს, ვინაიდან ისინი თვლიდნენ, რომ ეხვაიას მისამართით გადაცემა, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ლევან წურწუმიამ გააკეთა, მაგრამ არბიტრმა გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. გატანილი გოლიდან ცოტა ხანში გუგუჩიამ ახლო მანძილიდან დაჰკრა და ბურთი ცარიელი კარიდან მცველებმა გამოიტანეს. მასპინძელთა მორიგი შეტევა კი გიორგი პაჭკორიას თავური დარტყმით დასრულდა და უშედეგოდ. როგორც აღვნიშნეთ, მეორე ნახევარი ზუგდიდელებმა მართლაც უნაკლოდ ჩაატარეს, მაგრამ ამდენი მომენტის გამოუყენებლობა მასპინძლებს, კინაღამ საპირისპიროდ შემოუტრიალდათ. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრებმა ორი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს და ოდნავ სიზუსტე რომ დაეტანებინათ მათსავე შეტევებში, სრულიად შესაძლებელი იყო ცხინვალელებს მიმდინარე სეზონს, მეორე სამი ქულა ჩაეწერათ თავის აქტივში. ჯერ ახლო მანძილიდან ბურთი კვეკვესკირმა ააცილა მეტოქის კარს, ხოლო შემდეგ მამალაძესთან პირისპირ დარჩენილმა ჩაფიძემ, ზუგდიდელთა კიპერს ვერ აჯობა. შეხვედრა კი ფრედ 1:1 დასრულდა, მაგრამ ძნელი სათქმელია ეს ქულა ვისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდისთვის სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უცვლელი დარჩა.
კლიმენტი წიტაიშვილი (ზუგდიდი): „შედეგით იმდენად კმაყოფილი არა ვარ, რამდენად თამაშის ხარისხით. პირველ ტაიმში დაშვებული ბავშვური შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. მეორე ტაიმში აბსოლუტურად განსხვავებულად და ზუსტად მოქმედებდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რაც იმის ოპტიმიზმს იძლევა, რომ მომავალ ტურებში ქულების აღება საჭირვეულო არ გაგვიხდება“.
ვლადიმერ ხაჩიძე (სპარტაკი): „ზუგდიდში ქულის მოპოვებით უკმაყოფილო ნამდვილად არა ვართ,მაგრამ სატურნირო მდგომარეობა მშვიდად ყოფნის უფლებას ნამდვილად არ გვაძლევს. რაც შეეხება ჩვენს კარში დანიშნულ პენალტს-წესის დარღვევას ჩვენის მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი , მაგრამ ვფიქრობთ, რომ მანამდე თამაშგარე მდგომარეობაში იყო ზუგდიდელი ფეხბურთელი, თუმცა ზუსტად ამაზე გადაჭრით თქმა, ვიდეო კადრების ნახვის შემდეგ შეგვეძლება“.
ზუგდიდი - სპარტაკი 1:1 (0:1)
ზუგდიდი, „განმუხური“. 10 ოქტომბერი.
ზუგდიდი: მამალაძე, მირცხულავა, აფაქიძერ, რიგვავა, ქვარცხავა (შ.ლომია 57), რ.ონიანი, მეგაჰედი (პაჭკორია 46), სიხარულია, გუგუჩია, ეხვაია, ფარჯიკია (წურწუმია 53)
მწვრთნელი: კლიმენტი წიტაიშვილი
სპარტაკი: ნანიევი, მგელაძე (ჭაფოძე 90), ქურდაძე, კილასონია, მეგრელიშვილი, ჩაფიძე, კაკაშვილი, კვეკვესკირი, თ.შონია, თუხარელი (თექთურმანიძე 82), მეტრეველი
მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
გოლები: 0:1 მეტრეველი (41), 1:1 გუგუჩია (პენ, 74)
გაფრთხილება: კილასონია (22), მეტრეველი (43), რიგვავა (44), რ.ონიანი (67)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი