ფეხბურთი

18:25 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ჰეთ-თრიქები, პოკერები, გამორჩეულები

 

ქართველი ლეგიონერების ჰეთ-თრიქი ბოლო წლებში ნოემბრის თოვლივით იშვიათობა გახდა. ამიტომაც იყო ორმაგად აღსანიშნავი ლადო დვალიშვილის მიერ გატანილი 3 გოლი "კორონა"-"ლეგიას" სეხვედრაში, რომელიც ვარშაველებმა 5:3 მოიგეს. დვალიშვილმა ორი თვის წინაც შეასრულა ჰეთ-თრიქი, თუმცა ეს ავსტრიულ "რიდთან" ამხანაგურში (3:3) მოხდა, დღეს კი ოფიციალურ მატჩებზე დავწერთ.

უცხოეთის სხვადასხვა უმაღლესი ლიგები რომ ჩამოვთვალოთ, ბოლო 2 წელიწადში ბევრ ქართველ ჰეთ-თრიქოსანს ვერ ნახავთ. პოლონეთის დარ ლიგაში კი, მითუმეტეს.

ზაქარია ბეგლარიშვილი:

2011: "აიაქს სალამაიე" - "ფლორა" 0:11. 4 გოლი

2012: "პაიდე" - "ფლორა" 0:5. 3 გოლი

2012: "ფლორა" – "კალევი" 5:0.  3 გოლი

მამუკა ღონღაძე

2011: "მეტალურგსი" – "დაუგავპილსი" 1:3. 3 გოლი

2012: "დაუგავპილსი" – "დაუგავა" 3:1. 3 გოლი

გიორგი ადამია

2011: "ყარაბაღი" – "ნეფთჩი" 3:0. 3 გოლი

დავით ჩაგელიშვილი

2012: "ასტანა" – "ოკჟეპტესი" 1:4. 3 გოლი

ბაჩანა ცხადაძე

2013: "რავანი" – "ინტერი" 1:5. 3 გოლი

დვალიშვილს რაც შეეხება, როგორც იცით, "პოლონიასა" და "ლეგამდე" ისრაელის თელ ავივის "მაკაბიში" გამოდიოდა, საკმაოდ ბევრი გაჰქონდა, თუმცა ჰეთ-თრიქი არ მიუთვლია. სამაგიეროდ, ლატვიაში, "სკონტოში" თამაშისას ორი ჰეთ-თრიქი და ერთი პოკერი აქვს გახერხებული.

აქ უმაღლესი ლიგებია ჩამოთვლილი, თორემ ქვედა ლიგაში თუნდაც ოთარ მარცვალაძეს აქვს ჰეთ-თრიქები, თანაც, სამჯერ.

საწყენია, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ქართული ჰეთ-თრიქი 1999 წელს შესრულდა: გიორგი დემეტრაძემ "ალანია"-"ურალანის" შეხვედრაში (4:2) მიითვალა. "დემეს" კიდევ კიდევ 2 "სამგოლიანი" აქვს შესრულებული – "კრილიასთან" 5:0 და ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცთან" 3:1 მოგებულ მატჩებში. ასევე, რუსეთში ჰეთ-თრიქი გაახერხეს გოჩა გოგრიჭიანმა ("ჟემჩუჟინა"-"კრილია" 3:1) და ზაზა ჯანაშიამ ("ლოკომოტივი"-"ჟემჩუჟინა" 4:1).

რადგან დემეტრაძეზე ვთქვით, მის მიერ უკრაინაში შესრულებული პოკერიც გამოვარჩიოთ, რომელიც "ნივასა" და კიევის "დინამოს" შეხვედრაში (3:7) მიითვალა. უკრაინაში ორჯერ გაუკეთებია ჰეთ-თრიქი მიხეილ ფოცხვერიას და თან, ორივეჯერ "ნივას" წინააღმდეგ. ფოცხვერიამ ეს ჯერ ზაპოროჟიეს 'მეტალურგის", შემდეგ კი დონეცკის "შახტარის" მაისურით მოახერხა. სხვათა შორის, ფოცხვერია პირველი უცხოელი იყო, რომელმაც ეს მოახერხა...

ცხონებულმა შალვა აფხაზავამ 2002 წელს "არსენალი"-"ვოლინის" მატჩში (8:1) გაიტანა სამჯერ. ბოლო 11 წელია, უკრაინაში ქართველს ჰეთ-თრიქი არ გაუკეთებია.

სხვა გამოსარჩევი ამბები: ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ოთხეულის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეუსრულებია, გახლავთ ალექსანდრე იაშვილი. ეს მოხდა 2003 წლის 8 ნოემბერს, როცა "ფრაიბურგმა" 3:2 სძლია "ვოლფსბურგს". მეორე დღეს კი გერმანული ჭელტ-ი წერდა: "არავითარი დალესანდრო! იაშვილი!". ანდრეს დალესანდრო იმ დროს არგენტინის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და "ვოლფსბურგში" მისი გადაყვანა დიდ სენსაციად შეფასდა.

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" მაისურით ტურინის 'იუვენტუსის" კარშიც გაუტანია გოლი, ხოლო უშუალოდ ჰეთ-თრიქს რაც შეეხება, 2006 წელს 9-წუთიან მონაკვეთში გაახერხა ლიმასოლის აელ-თან. იმ დროს ქეცბაია "ანორთოსისის" მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ.

ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე ხშირად ჰეთ-თრიქებს შოთა არველაძე ასრულებდა და უნიკალურიაიმ მხრივ, რომ მსგავსი მიღწევა ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში (საქართველო, თურქეთი, ჰოლანდია, შოტლანდია) ჰქონია. არველაძეს ევროტურნირებიც არ დაუტოვებია ჰეთ-თრიქის გარეშე, კერძოდ, "აიაქსში" თამაშისას სლოვენიურ "მარიბორს" გაუტანა 3 გოლი. 

თუმცა, ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე ფასეული და ხმაურიანი ჰეთ-თრიქის გასახსენებლად ნახევარი წუთიც არაა საჭირო. ეს ჩემპიონთა ლიგაში იყო და იმიტომ... ლევან კობიაშვილმა 2005 წლის 24 ნოემბერს "შალკე"-პსვ-ის შეხვედრაში ორი პენალტი გაიტანა და ერთიც ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა – 3:0 მოიგეს "ხუმარებმა".  

კიდევ როდის მოხდება, რომ ქართველი ჩემპიონთა ლიგაში ერთ მატჩში სამჯერ გაიტანს? გოლებამდე იქ მოხვედრაა საჭირო.      


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136586