უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-2 მატჩი ჩაატარა და საბერძნეთის ძლიერ გუნდთან 6:15 დამარცხდა, თუმცა კი, რიგ ეპიზოდებში საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი წყალბურთელები ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის პირველად არიან გასულნი და მათ მაღალ შედეგებს ვერავინ მოსთხოვს, გამოცდილების მისაღებად კი, მინდინარე მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია.
ბერძნებთან დაპირისპირების ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ქართველებმა 2:10 დათმეს, მე-2 ნახევარი კი გაცილებით იმედისმომცემი აღმოჩნდა. ქართველი წყალბურთელები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და ტაიმი მხოლოდ 1 ბურთის სხვაობით წააგეს – 4:5.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეტოქეებმა 26-26 დარტყმა განახორციელეს, თუმცა, ბერძნები გაცილებით ზუსტნი იყვნენ.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მარინო ფრანიჩევიჩი იყო 2 გოლით, თითოჯერ კი თავი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა, გიორგი ხვადაგიანმა და ზურაბ რურუამ გამოიჩინეს. ბერძნებს იოანის ფუნტულისმა ულიდერა. მის ანგარიშზე ერთბაშად 6 ბურთია.
16 ივლისი ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა, 17-ში კი ქართველი წყალბურთელები ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიას ეთამაშებიან.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. 14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი). A ჯგუფი. მე-2 ტური
საქართველო – საბერძნეთი 6:15 (1:4, 1:6, 3:3, 1:2)
საქართველო: ფრანიჩევიჩი (2), ცრეპულია (1), ელეზი (1), ხვედელიანი (1), რურუა (1).