კალათბურთი

18:11 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კალათბურთელებმა ნიმბურკში პირველი ვარჯიში ჩაატარეს

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა დღეს იმ დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნიმბურკი რამდენადაც პატარაა, იმდენად დიდი სპორტული ცენტრი აქვს. კალათბურთი არის ერთ-ერთი სეგმენტი იმ უზარმაზარი, გასულ საუკუნეში აშენებული ცენტრისა, რომელიც ნიმბურკის განაპირას მდებარეობს და რაგინდარა სპორტის სახეობის დარბაზებსა და მოედნებს მოიცავს.

ფეხბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ბოულინგი – ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი სახეობის წარმომადგენელს დაუდგამს ფეხი ნიმბურკის სპორტკომპლექსში. მაგალითად, საქართველოს ნაკრებმა საკალათბურთო დარბაზში რომ ივარჯიშა, ბაზაზე ისრაელის ფრენბურთელთა გუნდი, რუსი მძლეოსნები და კიდევ სხვადასხვა ერისა თუ სპორტის სახეობის წარმომადგენლებს შევხვდით. საკალათბურთო დარბაზი ცენტრალური შესასვლელიდან მოშორებითაა და გრძელი კორიდორის გავლა გიწევს, მოედნამდე რომ მიხვიდე.

ეს არაა თანამედროვე კომპლექსი, თუმცა სიმყუდროვისა და ალბათ, ფასის გამო, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს შეკრების მოსაწყობად იზიდავს. ბაზაზე ბევრ ისეთ მოწყობილობას წააწყდებით, საბჭოთა კავშირის დროს რომ გაგახსენებთ. ასეთი მოწყობილობა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სატრენაჟორო დარბაზში აღმოაჩინა და თანაგუნდელებთან ერთად გვარიანადაც იხალისა. მართლაცდა, დოლურიან ტელეფონს ევროკავშირში კი არა, საქართველოშიც ვეღარ შეხვდებით...

დარბაზი პატარაა, თუმცა, კოხტა და კომფორტული. ბოლომდე რომ გადაივსოს, 2000 მაყურებელი არ შეგროვდება, თუმცა ხალხის ამ რაოდენობასაც შეუძლია მასპინძლებს გვარიანი დახმარება გაუწიოს.

საქართველოს ნაკრებში მსუბუქად ივარჯიშა და ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს ნიკა მეტრეველი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ჩვენამდე ვარჯიში ჰქონდათ ჩეხებს და როგორც ჩანს, მათი ლიდერი, ტომაშ სატორანსკი ხვალ განაცხადში იქნება. “ბარსელონას“ უკანახაზელმა ივარჯიშა და ჩეხებს ქართველებთან მატჩში სავარაუდოდ დახმარებას გაუწევს.

ტომაშ სატორანსკის ეს კომენტარი ჩეხურ პორტალზე გავრცელდა: “იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენთან შეხვედრას დაღლილი შეხვდება. ეს ლოგიკურიცაა – ქართველებმა ზედიზედ 2 გასვლითი შეხვედრა ჩაატარეს, ბევრი იმგზავრეს... თუმცა მხოლოდ მეტოქის გადაღლილობის იმედზე ყოფნა არას გვარგებს, საქართველოს ნაკრებთან შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ მატჩისთვის მაქსიმალურად არ მოვემზადეთ და თამაშისას შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოვავლინეთ”.

საქართველოს ნაკრები “ნიმბურკის“ დარბაზში დღეს, საღამოს 19:30 საათზეც ივარჯიშებს.

www.gbf.ge

0.18059