კალათბურთი

0:16 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 16-წლამდელებმა თურქულ ტურნირზე სლოვენია დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე  საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მოიგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ქართველებმა საწყისი 2 წაგების შემდეგ მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველო სლოვენიის ნაკრებს შეხვდა, რომელთანაც მესამე მეოთხედის მიწურულს 22 ქულით აგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა - 85:81.
საქართველოს მსგავსად სლოვენიელებმა ჯგუფის პირველი 2 შეხვედრა წააგეს, გასულ მატჩში კი გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ქართველებმა არ დაანებეს. კაზანჯიანის გუნდმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სლოვენიელები 62:40 იგებდნენ და ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, თუკი დამარცხდებოდნენ.
ქართველები წაგებას არ შეეგუვნენ და ბოლომდე იბრძლეს. მესამე მეოთხედის დასრულებამდე ლადო ფურცხვანიძის, საბა აკობიას, გიორგი გვიანიძის და გიორგი ცხოვრებოვის შედეგიანობით ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს - 56:65. გადამწყვეტ მეოთხედში ქართველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს და მატჩის დასრულებამდე 4,30 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 73:73.ქართველების ქებული თამაშით თავბრუდახვეულმა სლოვენიელებმა ერთი კი გაიბრძოლეს, მაგრამ  საბოლოოდ ვერას გახდნენ. 

ქართველებში 16 ქულითა და 12 ქულით ლადო ფურცხვანიძე გამოირჩა, 17 ქულით კი ბომბარდირი საბა აკობია გახდა. 10-10 ქულა მიითვალეს ლუკა ბულაშვილმა და ლევან ბაბილოძემ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის განაგრძობს. 6 თებერვალს კაზანჯიანის გუნდი ბოსნიას დაუპირისპირდება.
 
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია. თურქეთი. 4 თებერვალი
სლოვენია - საქართველო 81:85 (20:14, 25: 17, 20:25, 16:29)
საქართველო: დარბაიძე (7ქ, 5მ), ლოლიშვილი, ცხოვრებოვი (2), ფურცხვანიძე (16ქ, 12მ), აკობია (17ქ, 5მ), ლეონიძე (3), დოლიძე (2), გვიანიძე (8), თვალაბეიშვილი (4), ბულაშვილი (10), აფხაზავა (6ქ, 6პ), ბაბილოძე (10).

www.gbf.ge

0.116936