საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ავსტრიაში გამართულ ოთხთა ტურნირზე, რომელშიც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე რუმინეთიც თამაშობდა, მე-2 ადგილი დაიკავა.
2014 წლის ევროპის პირველობა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 14-27 ივლისს ჩატარდება და საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც 12 ფინალისტს შორის პირველად მოხვდა, ნელ-ნელა მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის.
ვენამ “დონაუს თასის” გათამაშება 52-ედ მიიღო და ამჯერად, მასპინძლებმა საქართველოს და რუმინეთის ნაკრებთა გარდა, სლოვაკეთს და ჰოლანდიას უხმეს.
საწყის დღეს ქართველ წყალბურთელებს ჩინებული შედეგები ჰქონდათ. მათ ფავორიტად შერაცხულ რუმინეთთან 10:10 ითამაშეს, თანაც ბოლო პერიოდის წინ მეტოქეს 8:6-ს უგებდნენ, შემდეგ კი ძველ ნაცნობ სლოვაკეთს 13:12 სძლიეს.
აი, მე-2 სატურნირო დღეს კი საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრა დათმო. თავდაპირველად, ქართველები მანამდე ორივე მატჩის წამგებ ჰოლანდიასთან დაიჩაგრნენ (7:14), შემდეგ კი, თითქმის იგივე ანგარიშით რუმინეთთან დამარცხდნენ – 7:13.
აღსანიშნავია, რომ ოთხთა ტურნირი უცნაური ფორმატით წარიმართა. რუმინეთმა ჯგუფში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და წესით, ჩემპიონობა ისედაც უნდა რგებოდა, თუმცა, შეჯიბრის ორგანიზატორებმა, პირველ-მეორე ადგილზე გასული რუმინეთი და საქართველო ერთმანეთს ფინალში კიდევ ერთხელ გააჯიბრეს, მე-3 საფეხურისთვის შეხვედრაში კი, სლოვაკეთმა ჰოლანდიას 9:5 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველო ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ჩერნოგორიას, იტალიას, საბერძნეთს, რუმინეთს და რუსეთს დაუპირისპირდება, ამასთან, 14 ივლისს, პირველი შეხვედრა სწორედ რუმინეთთან გახლავთ, რომლის ძალაც ქართველებმა უკვე გაიგეს.
ევრიპირველობაზე ე.წ “სიკვდილის ჯგუფად” თავიდანვე B პული მოინათლა, რომელშიც სერბეთი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, საფრანგეთი და ესპანეთი იასპარეზებენ.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალების საგზურებს ავტომატურად მიიღებენ, მეორე-მესამე ადგილოსნები კი ჯვარედინი პრინციპით ერთმანეთს გაეჯიბრებიან და კიდევ 2 ნახევარფინალისტის ვინაობას გამოავლენენ.
“დონაუს თასი 2014”. ვენა (ავსტრია). 13-14 ივნისი
13 ივნისი
საქართველო – რუმინეთი 10:10 (0:2, 5:2, 3:2, 2:4)
სლოვაკეთი – ჰოლანდია 14:8 (4:2, 3:2, 3:2, 4:2)
რუმინეთი – ჰოლანდია 10:8 (2:4, 2:2, 3:1, 3:1)
სლოვაკეთი – საქართველო 12:13 (4:4, 2:2, 2:3, 4:4)
14 ივნისი
ჰოლანდია – საქართველო 14:7 (3:2, 3:1, 4:2, 4:2)
სლოვაკეთი – რუმინეთი 8:9 (2:4, 0:0, 2:1, 4:4)
მე-3 ადგილისთვის
სლოვაკეთი – ჰოლანდია 9:5 (2:1, 4:0, 1:2, 2:2)
ფინალი
რუმინეთი – საქართველო 13:7 (4:1, 4:1, 2:3, 3:2)
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. 14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი)
A ჯგუფი: ჩერნოგორია, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო.
B ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, საფრანგეთი, ესპანეთი.
A ჯგუფის კალენდარი
14 ივლისი
რუმინეთი – საქართველო
ჩერნოგორია – საბერძნეთი
იტალია – რუსეთი
15 ივლისი
საქართველო – საბერძნეთი
რუსეთი – ჩერნოგორია
რუმინეთი – იტალია
17 ივლისი
საბერძნეთი – რუსეთი
იტალია – საქართველო
ჩერნოგორია – რუმინეთი
19 ივლისი
საქართველო – რუსეთი
რუმინეთი – საბერძნეთი
იტალია – ჩერნოგორია
21 ივლისი
რუსეთი – რუმინეთი
საბერძნეთი – იტალია
ჩერნოგორია – საქართველო